ეროვნული კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორის, გაგა ჩხეიძის ინტერესებს სასამართლოში ISFED-ის იურისტები დაიცავენ

ეროვნული კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორის, გაგა ჩხეიძის ინტერესებს ISFED-ის იურისტები დაიცავენ. ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის გათავისუფლებულმა დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ, ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ და ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ISFED-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 მარტს გაგა ჩხეიძე, თანამდებობიდან კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით გათავისუფლდა.

გაგა ჩხეიძის თქმით, მინისტრის მხრიდან უარყოფითი განწყობა თავიდანვე იგრძნობოდა.

„მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა ერთი წლის წინ და მინდა გითხრათ, რომ თავიდანვე რთულად აეწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელსაც ურთიერთობას ვერც დავარქმევთ. როგორც ჩანს, უკმაყოფილო იყო იმ პეტიციით, რომელიც დაიწერა და გავრცელდა მის მოსვლამდე, რომელსაც დაახლოებით 700 კაცი აწერდა ხელს, რომ ის არ გამხდარიყო კულტურის მინისტრი. თავიდანვე უარყოფითი განწყობა იგრძნობოდა მინისტრის მხრიდან და შემდეგ ეს დაეტყო მთელ ჩვენს ურთიერთობას, არ კონტაქტობდა ჩვენთან, კინოცენტრში არ მოსულა არცერთხელ, არ გაუცვნია არცერთი თანამშრომელი და ფაქტობრივად, აღმართეს რაღაც ყრუ კედელი, რომლის დანგრევაც ვერ შევძელით ერთი წლის მანძილზე. გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი არის აუდიტის დასკვნა. ეს დასკვნა ჩვენამდე არ მოსულა და დასკვნა მივიღეთ სწორედ მას შემდეგ, რაც გამათავისუფლეს სამსახურიდან. ალბათ, ბოლო ერთ თვესაც ვიმუშავებდი, რომ არა რამდენიმე პოლიტიკური განცხადება, რომელიც მე გავაკეთე კინოცენტრის სახელით უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაგა ჩხეიძემ.

ISFED-ის ცნობით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროში განხორციელებული რეორგანიზაციისა და მასშტაბური ცვლილებების შედეგად, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო, 70-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია სასამართლოში უკვე იცავენ კულტურის სფეროს 22 წარმომადგენლის ინტერესებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა