მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა მარტივდება

მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა მარტივდება - ეს უფრო მცირე დროში იქნება შესაძლებელი. ამასთან, პირებს, ვინც მასწავლებლის მომზადების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის, რომელიც 60 კრედიტს მოიცავს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კონკრეტული საგნის ან საგანთა ჯგუფის სწავლების უფლება ექნებათ.

ამას “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

მოქმედი კანონის მიხედვით, მასწავლებლის მომზადება ორი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით ხდება: მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამით და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამით.

“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, მასწავლებლის მომზადების პროგრამა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელ, შესაბამის დარგობრივ სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდგომ მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი გაიცემა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს აქვს. ამასთან, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში ისწავლება.

რაც შეეხება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, იგი არის შესაბამის დარგობრივ სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს - საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მაგისტრატურის საფეხურის სწავლის შედეგებს შეესაბამება. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით სრულდება. ამასთან, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არანაკლებ 300 კრედიტს მოიცავს.

როგორც “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ავტორები განმარტავენ, მასწავლებლის პროფესიაში შემსვლელთა მცირე რაოდენობისა და რიგ სფეროებში მასწავლებელთა ნაკლებობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია შემოღებულ იქნეს დამატებითი ინსტრუმენტი, რათა შესაძლებელი იყოს ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების მომზადება.

“აღნიშნული მიდგომის მთავარი დადებითი მხარეა მასწავლებლების მომზადება უფრო მცირე დროში, ვიდრე დღეს არის შესაძლებელი. ასევე, საგნის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს ეზრდება დასაქმების არეალი. თუ პირი გადაწყვეტს მასწავლებლობას, მას აღარ მოუწევს დამატებითი პროგრამის გავლა“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონის პროექტის ავტორი არიან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და მისი პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს