"ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებული 4 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

"ლაგუნა ვერესთან" 2 პირის - კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული 4 ბრალდებულის - კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და გიორგი პეტრუშკოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ამავე საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთ პირს, "საგზაო კომპანია თბილისის“ დირექტორს, გიორგი ქველიაშვილს, რომლის ოფისშიც სისხლიანი გარჩევა მოხდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 5 აპრილს უკვე შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, ბიზნესმენმა, მარლენ მეტონიძემ, რომელიც დაჭრილ მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფებოდა, საავადმყოფო დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მარლენ მეტონიძეს დაცვა მოუხსნეს, მას პოლიცია აღარ იცავდა, რის გამოც, მან საავადმყოფოს სასწრაფოდ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ბიზნესმენი კლინიკიდან პირადმა დაცვამ და ადვოკატმა თამარ აბესაძემ გაიყვანეს.

ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, "ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა.დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ბრონის ჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს.

კონფლიქტში დაახლოებით, 20 პირი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკოვი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით - დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო