გიორგი ამილახვარი - პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი წყალგამყოფი 31 დეკემბერია, თუმცა სკოლების ინფრასტრუქტურა გაზრდილი ნაკადის მისაღებად მზად არაა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი წყალგამყოფი 31 დეკემბერია, თუმცა სკოლების ინფრასტრუქტურა ახალი, გაზრდილი ნაკადის მისაღებად მზად არაა.

როგორც მან დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასკოლო ასაკის შეცვლასთან დაკავშირებით დაწყებული რეფორმა სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად გადაიხედება.

„მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე, რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი. განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება 1 -ელ ოქტომბრამდე. აღნიშნული ცვლილებით შესაძლებლობა ექნება უკვე წელსვე 2500- მა პირმა მიმართოს სკოლას. ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რადგან მყისიერად შეძლოს სარგებლობა ყველამ, ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული. აღნიშნულის პარალელურად ჩვენ შევიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემური ხედვა, საზოგადოებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკს შეეხება. კარგად მოგეხსენებათ, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში. ამიტომ, ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით აუცილებლად გაგრძელდება მომავალში შესაბამისი წესით ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად.

ჩვენ ვმუშაობდით მეთოდისტებთან, ფსიქოლოგებთან, დარგის ექსპერტებთან ერთად და გვაქვს უკვე ხედვა წარმოდგენილი. ყოველ წელს ამას სჭირდება სისტემის მომზადება, რადგან დაახლოებით 17 ათასამდე მოსწავლეს შესაძლოა ეს შეეხოს, თუ ჩვენ ავიღებთ წყალგამყოფს 31 დეკემბერს, რომელიც ყველაზე გონივრული, ყველაზე სამართლიანი და ლოგიკური თარიღია. გვაქვს უკვე ხედვა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, როცა სისტემა იქნება მზად, ამ თემაზე მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენ ამ რეფორმას ვიწყებთ დღეს და გავაგრძელებთ და ყოველწლიურად მოხდება გადახედვა იმ პრინციპით, რასაც დღეს ვაინიცირებთ. ეს ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ეტაპზევე დარეგისტრირდეს ყველა, ვინც 1 -ელ ოქტომბრამდეა დაბადებული“, - განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებით 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში შესაძლებლობა აქვს მივიდეს იმ ბავშვს, ვისაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა