"ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურანტი ბიზნესმენის ადვოკატი - ჯავშანჟილეტით სიარული დანაშაულია? მეტონიძე ყოველთვის ჯავშანჟილეტით დადის

ჯავშანჟილეტით სიარული დანაშაულია? მეტონიძე ყოველთვის ჯავშანჯილეტით დადის, - ამის შესახებ "ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეში ფიგურანტი ბიზნესმენის, მარლენ მეტონიძის ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, შეხვედრაზე კონფლიქტის ინიციატორი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოწინააღმდეგე მხარე იყო. თუმცა, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, ორ მხარეს შორის შეხვედრა რის გამო შედგა.

"მოვერიდები ამ თემაზე საუბარს, რადგან ადამიანი გარდაცვლილია, თუმცა, მოწმეები საუბრობენ იმას, რომ სწორედ გარდაცვლილი მხარის მიერ მოხდა იარაღის დემონსტრირება და უმისამართოდ სროლა",- განაცხადა აბესაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს პირი კონსტანტინე ქობულია, ადვოკატი პასუხობს, რომ "სავარაუდოდ, კი". "ჩემთვის უცნობია, რაზე უნდა შემდგარიყო საუბარი. უბრალოდ არ დასცალდათ, რომ საუბარი დაწყებულიყო. იყო აგრესიული მოქმედება მოწინააღმდეგე მხარისგან და ამას მოჰყვა გასროლები და უდანაშაულო ადამიანების არასასიამოვნო სიტუაციაში გახვევა.

ყველას რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა. სამოქალაქო პირებს, ვინც იქ იყვნენ, იარაღი არ ჰქონიათ",- განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან დანაშაულის მომზადებას ადგილი არ ჰქონია.

"ჯავშანჟილეტით სიარული დანაშაულია? მაგრამ ეჭვია. იმ დღეს ეს განცდა არ იყო, მაგრამ მეტონიძე ყოველთვის ჯავშანჯილეტით დადის. ასე უნდა, სურვილი აქვს. ვინც იყვნენ დამხვდური პირები, მათგან მოხდა უსიამოვნო ლაპარაკი და შეხლა - შემოხლა, რაც დამხდურმა პირმა ვერ აიტანა. არ ვიცი, რა უნდოდა ამ იარაღით - დაენახვებინა რომ მაგარი ვარ?

პროკურატურა რასაც ბრალში წერს, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, ეს შეიძლება გონიერმა ადამიანმა სწორად მიიღოს? რა დანაშაული მზადდებოდა, რა მომზადდა? ხომ ვიცით, მხარეები ერთმანეთს რომ ხვდებიან, საუბარი მიმდინარეობს. ისიც დადგენილია, რომ მეტონიძეს შეხვედრა რომ სთხოვეს, მან მეორე მხარეს შეხვედრა "ამბასადორში" საერთო სივრცეში შესთავაზა. არაკანონიერი შეხვედრა რომ მომზადებულიყო, "ამბასადორში" ნამდვილად არ დაპატიჟებდა, ხომ? ჩემთვის უცნობია, ვინ დაიბარა",- განაცხადა აბესაძემ.

ის აღნიშნულ საქმეში მარლენ მეტონიძესთან ერთად ბრალდებულ გიორგი გელოვანსაც იცავს, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

"ლაგუნა ვერესთან" 2 პირის - კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული 4 ბრალდებულის - კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და გიორგი პეტრუშკოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, "ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა. დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ჯავშანჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს.

კონფლიქტში დაახლოებით, 20 პირი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკოვი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით - დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს