„ლაგუნა ვერესთან" კონსტანტინე ქობულიას მკვლელობაში ბრალდებული - პატივცემულო მოსამართლე, მე მკვლელი არ ვარ, მე დავიცავი დასაცავი ობიექტი, ჩემი და გვერდით მყოფი პირების სიცოცხლე

„ლაგუნა ვერესთან" კონსტანტინე ქობულიას მკვლელობაში ბრალდებულ კობა მეტრეველის განცხადებით, რომელიც ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის პირადი დაცვაა, ის მკვლელი არ არის.

როგორც სასამართლო პროცესზე მეტრეველმა განაცხადა, გასროლით მან მისი დასაცავი ობიექტი დაიცვა სიკვდილისგან.

„პატივცემულო მოსამართლე, მე მკვლელი არ ვარ, მე დავიცავი დასაცავი ობიექტი, ჩემი და გვერდით მყოფი პირების სიცოცხლე", - განაცხადა მეტრეველმა.

მისი ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, მეტრეველი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და არავის მკვლელობა არ ჰქონდა განზრახული. ადვოკატის თქმით, გარდაცვლილი პირი მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და სხვების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით მირბოდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ყურადსაღებია, ბრალდებულის სტატუსი - ის დაზარალებულის პირადი დაცვა იყო და ვალდებული იყო, ღია საფრთხის პირისპირ მისი სიცოცხლის დაცვა მოეხდინა. გვაზავას თქმით, მეტრეველს დაჭრილი მეტონიძე უნდა დაეცვა.

ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, "ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა. დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ჯავშანჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს.

კონფლიქტში დაახლოებით, 20 პირი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკოვი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით - დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა