KIU-ს ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სემეკთან თანამშრომლობა დაიწყო

KIU-ს ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მოაწერეს.

მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობა ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სტუდენტთა სტაჟირების, სასწავლო პრაქტიკის გავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას. პარტნიორობა მიზნად ისახავს სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების მომზადებას, კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობას, მოქმედ მეცნიერ-სპეციალისტებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

„KIU-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის მიზნით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სემეკს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში ვგეგმავთ სემეკში შესულ სხვადასხვა კომპანიას შევთავაზოთ ჩვენი სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამები, ასევე ერთობლივი პროექტები, რომლებსაც სტუდენტები და კურსდამთავრებულები სემეკთან ერთად დაამუშავებენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შარშან შექმნა ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელთან და ამ ჭრილში სემეკთან და სემეკში შესულ კომპანიებთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

ხელის მოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა სტუდენტებთან შეხვედრა თემაზე - „მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში და თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან“. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ახალგაზრდებს იმ სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ უამბო, რაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში არსებობს, ასევე გააცნო სტაჟირების პროგრამები.

„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი როგორც განათლების მიღებისა თუ კვლევების წარმოების, ასევე სტუდენტებისათვის სწავლის პროცესში შესაბამისი გარემოს შექმნის კუთხითაც. როგორც სემეკის თავმჯდომარე, გამოვთქვამ მზადყოფნას მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები სტუდენტებს, რათა მათ გაიარონ სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა სემეკში, ადგილზე გაეცნონ მარეგულირებლის სპეციფიკას, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების პრინციპებს. ვფიქრობ, აღნიშნული კიდევ დაეხმარება სამომავლო კარიერული მიზნების უკეთ ჩამოყალიბებაში იმ სტუდენტებს, რომლებიც ენერგეტიკის ან წყალმომარაგების სექტორებში გეგმავენ საქმიანობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა KIU-ს მენეჯმენტის გუნდთან. სტუმრები გაეცნენ საუნივერსიტეტო ქალაქს, დაათვალიერეს თანამედროვე და უახლესი ლაბორატორიები, საერთო სამუშაო სივრცეები, ბიბლიოთეკა, აკადემიური კორპუსი, სტუდენტური საცხოვრებელები, კამპუსის ინფრასტრუქტურა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია ეტაპობრივად გახდეს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჰაბი რეგიონში. შედეგად, საქართველო დაიკავებს წამყვან ადგილს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

KIU ამჟამად ახორციელებს ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. უნივერსიტეტი სამომავლოდ გეგმავს პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატებას.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH და TUM). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა