მეუფე შიო - ადამიანის გულშიც რომ შემოვიდეს ქრისტე, რომ იშვას, რომ ჩაისახოს მასში და აღორძინდეს, დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო

ადამიანის გულშიც რომ შემოვიდეს ქრისტე, რომ იშვას, რომ ჩაისახოს მასში და აღორძინდეს, დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო. ეს ღვაწლი არის ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ვნებებთან, ბოროტ სულებთან, ამ წუთისოფლისგან მომდინარე განსაცდელებთან, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, უნდა ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ მისი ცრემლები, უფალ იესო ქრისტეს ცხოვრება, მისი ტანჯვა, ჯვარცმა, მისი მკვდრეთით აღდგომა არ ყოფილიყოს ჩვენთვის ამაო.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ხარება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.

„დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს“ , - ასევ ვგალობთ ჩვენ დღესასწაულის ტროპარში, ვინაიდან ხარება ეს არის დღე, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ქალწულს და ახარა მას, რომ მასზე გარდამოვა სულიწმიდა და მის წიაღში ჩაისახება და მისგან იშვება მომავალი მხსნელი სოფლისა და მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა წარმოთქვა თავისი სიტყვები: „აჰა, მხევალი ღვთისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“, რითაც გამოავლინა დიდი სიმდაბლე, სარწმუნოება და უსაზღვრო მინდობა ღვთისადმი და ეს სასწაულიც აღსრულდა, სასწაული განკაცებისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ეს დღე გახლავთ პირველი სახარება კაცობრიობისადმი, სახარება ჩვენი გამოხსნისა და ცხონების შესახებ. ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან, განურჩევლად თავისი ეროვნებისა თუ სარწმუნოებრივი აღმსარებლობისა, დგება აი, ამ წმინდა და ტკბილი სახელის, იესო ტკბილის სახელის წინაშე, იმიტომ რომ, თქვენ იცით, რომ სახარება ყველგან იქადაგება, თუ უკვე არ არის ყველგან ნაქადაგები, ყველგან უნდა იქადაგოს და ყველას სმენია იესო ქრისტეს შესახებ. და უკვე ადამიანი ირჩევს, მიიღოს თუ არა ეს ხარება, მიიღოს თუ არა თავის გულში იესო ქრისტე, როგორც მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.

ღმერთი მრავალი საუკუნე ამზადებდა თავის რჩეულ ერს - ისრაელს - მესიის მოსასვლელად და იმისთვის, რომ წარმოეშვა ამ ერს აი, ასეთი საოცარი ადამიანი, როგორიც არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, საოცარი ნერგი, საოცარი ყვავილი, რომლისგანაც შეიძლებოდა შობილიყო ძე ღმერთი, ღვთისმშობელში არის თავმოყრილი ყველაფერი საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს.

აი, წმინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს, რომ განკაცება ეს არის როგორც ღმერთის სიყვარულის დიდი და მაცხონებელი საქმე, ასევე არის ადამიანის თავისუფალი ნებისა და თანხმობის საქმეც. ისევე, როგორც ღვთის ნების გარეშე ვერ მოხდებოდა უფლის განკაცება, ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თანხმობის გარეშე განკაცება ვერ მოხდებოდა.

აი, ასეთი საოცარი დღეა დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დიდ მადლთან ერთად მიიღო სატანჯველიც, ტანჯვაც მიიღო; მთელი მისი ცხოვრება მწუხარებით იყო სავსე. და აი, ადამიანის გულშიც რომ შემოვიდეს ქრისტე, რომ იშვას, რომ მასში ჩაისახოს და აღორძინდეს იესო ქრისტე, დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო. ეს ღვაწლი არის ბრძოლა საკუთარ თავთან, რადგან ცოდვა ისე შეგვეთვისა ჩვენ, რომ უკვე ჩვენეული გახდა, ბრძოლა საკუთარ ვნებებთან, ბრძოლა ბოროტ სულებთან, ბრძოლა ამ წუთისოფლისგან მომდინარე განსაცდელებთან. ეს ყველაფერი ღვაწლს გულისხმობს და სხვანაირად უფალი ჩვენ სულში ვერ შემოვა, მაგრამ ეს მწუხარებანი და განსაცდელები ჩვენი არაფერია იმასთან შედარებით, რაც დაითმინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.

ასე რომ, დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მისი ცრემლები, მისი სიხარული და ძე ღმერთის განკაცება, უფალ იესო ქრისტეს ცხოვრება, მისი ტანჯვა, მისი ჯვარცმა, მისი მკვდრეთით აღდგომა არ ყოფილიყოს ჩვენთვის ამაო. ყოველთვის ვევედროთ ამისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენშიც ჩაისახოს, ჩვენშიც აღორძინდეს უფალი იესო ქრისტე, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ცხოვრებაც და ჩვენი მარადიული ცხოვრებაც უფალ იესო ქრისტესთან.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ.

ყოველთვის ვადიდოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ყოველთვის ვმადლობდეთ მას და ყოველთვის ვუგალობდეთ მას: „გიხაროდენ მიმადლებულო, გიხაროდენ სახარულევანო, გიხაროდენ წმინდაო სძალო უსძლოო, ამინ!“- ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო