აშშ-ის ელჩი გაეროში -  საერთაშორისო საზოგადოებამ კოლექტიური ნაბიჯი გადადგა სწორი მიმართულებით : ადამიანის უფლებების მუდმივ და პირწავარდნილ დამრღვევს არ მიეცემა უფლება, გაეროში ადამიანის უფლებების საკითხებში ლიდერის პოზიცია დაიკავოს

აშშ-ის ელჩი გაეროში ლინდა თომას-გრინფილდი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებას მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტს უწოდებს.

”ქვეყნებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხმა მისცეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევის გამო. ჩვენ ერთობლივად გავაგზავნეთ ძლიერი გზავნილი, რომ მსხვერპლთა და გადარჩენილთა ტანჯვა უგულვებელყოფილი არ იქნება,”- აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.

„მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, გაევრცელებინა დეზინფორმაცია, ჩვენ ყველამ ვნახეთ შემზარავი სურათები ბუჩადან, დიმერკადან, ირპენიდან და უკრაინის სხვა ახლადგანთავისუფლებული ქალაქებიდან. უსიცოცხლო სხეულები ქუჩებში, ზოგიერთი აშკარად დახვრეტილი, ხელები ზურგსუკან მიბმული, მასობრივი საფლავები, დამწვარი სხეულები, სიკვდილით დასჯა. ჩვენ ვნახეთ სანდო ცნობები ნაღმების და ნაღმ-ხაფანგების შესახებ, რომლებიც პუტინის ძალებმა დატოვეს, რათა კიდევ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავებულიყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეასრულა მიზნები და დატოვა ქალაქი,“- აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

მისი თქმით, გაერომ რუსეთს პასუხი უნდა აგებინოს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული არაპროვოცირებული, უსამართლო და არაკეთილსინდისიერი ომისთვის.

„ახლა მსოფლიო ჩვენ გვიყურებს. მათ აინტერესებთ, ვართ პროპაგანდის პლატფორმა და ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის უსაფრთხო თავშესაფარი - თუ მზად ვართ ვიცხოვროთ ჩვენი უმაღლესი იდეალების შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში. დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ ერთი კოლექტიური ნაბიჯი გადადგა სწორი მიმართულებით. ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ადამიანის უფლებების მუდმივ და პირწავარდნილ დამრღვევს არ მიეცემა უფლება გაეროში ადამიანის უფლებების საკითხებში ლიდერის პოზიცია დაიკავოს. მოდით, გავაგრძელოთ, პასუხი ვაგებინოთ რუსეთს ამ არაპროვოცირებული, უსამართლო, არაკეთილსინდისიერი ომის გამო და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, უკრაინელი ხალხის გვერდით დგომისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა. ხმის მიცემის შედეგად 93-მა ქვეყნის წარმომადგენელმა ინიციატივას მხარი დაუჭირა, 24-მა მათგანმა უარი განაცხადა, ხოლო 58-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს