„ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევისა და მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

„ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევისა და მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალი ხდება ცნობილი.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ოფისის მიმდებარედ, სადაც ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმასთან, კონსტანტინე ქობულიასთან შესახვედრად მივიდა, სნაიპერი იმყოფებოდა.

წყაროს ცნობით, სნაიპერი შენობის სახურავზე იყო განთავსებული და მას შემდეგ, რაც სისხლიანი გარჩევა მოხდა და მარლენ მეტონიძე დაჭრილ მდგომარეობაში მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა, სნაიპერმა მეტონიძისა და მისი თანმხლები პირის კუთვნილი ავტომანქანების მისამართით გასროლა განახორციელა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანებს ნატყვიარი უკანა მხარეს აქვს. აღნიშნული ავტომობილები სამართალდამცავებმა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

წყაროს ცნობითვე, კონსტანტინე ქობულია მეტონიძეს მარტო ელოდებოდა, მისი გაღიზიანება კი სწორედ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბიზნესმენი შეხვედრაზე 17 ადამიანთან ერთად მივიდა.

პირი, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა, ჰყვება, რომ მსგავს დახვედრას მეტონიძის თანმხლები პირები არ ელოდნენ და აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვეს, მათ შორის, სროლისას დაჭრილმა ხვიჩა ცხაკაიამ. წყაროს ცნობით, მას ქობულიამ შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ცხაკაიამ ქობულიას უთხრა, რომ „სამკურნალო იყო“, რასაც მისი გაღიზიანება და გასროლა მოჰყვა.

ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, "ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა. დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ჯავშანჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს.

კონფლიქტში 20 პირზე მეტი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს. საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით - დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა