ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტს - რაც ბუჩაში გააკეთეს, იმავეს თქვენს ქალაქებშიც გააკეთებენ, ნებისმიერი ქვეყნის ქალაქში, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ეს მათი იმპერიის ნაწილია

რუსული სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას ისე, რომ ხშირად ფიქრობ - ესენი საერთოდ ადამიანები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტისთვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აგრძელებს სასტიკ და აბსოლუტურად უაზრო ბრძოლას. მისივე განმარტებით, რუსეთმა უკრაინის დასაპყრობად მთელი ბრძოლისუნარიანი ძალა გადაისროლა, თუმცა ისიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი.

„ამის გამო, რუსეთის ფედერაცია აგროვებს რაც შეიძლება მეტ ხალხს, რომელსაც ხელში იარაღის ჭერა შეუძლია, რათა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გააგრძელოს. ეძებენ დაქირავებულ მებრძოლებს მთელ მსოფლიოში. აგზავნის მებრძოლებს დე ფაქტო ტერორისტული დაჯგუფებებიდან და ე.წ. „კერძო ჯარებიდან“, რომლებიც შექმნილია ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკის მიერ. ვინ არ გვინახავს დატყვევებულ რუს მეომრებს შორის - ძალიან გამოცდილი მკვლელებიდან დაწყებული, ახალგაზრდა 2003-2004 წლებში დაბადებული ბიჭებით დამთავრებული. მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ადეკვატურად იმის ახსნა რაში სჭირდებათ მათ ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ“,- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რუს ოკუპანტებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არ ებრძოლათ: გარბოდნენ რუსეთში, გაცნობიერებულად ბარდებოდნენ ტყვედ და საკუთარ ჯანმრთელობას განზრახ აზიანებდნენ. თუმცა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ასეთი ჯარისკაცები ძალიან მცირე ნაწილია, უმრავლესობა კი ბრძოლას აგრძელებს.

„რუსმა სამხედროებმა ზუსტად იცოდნენ, რომ იქ ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. დაინახეს, რომ საფრთხე არ იყო. მაგრამ ისინი ისროდნენ. ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც ხალხით სავსე მანქანა უბრალოდ ჯავშანტექნიკამ გაანადგურა. ფაქტობრივად - ტანკებით გადაუარეს. თქვენ ყველამ იცით, რა გააკეთეს რუსმა სამხედროებმა ჩვენს ქალაქ ბუჩაში. მაგრამ ასეთ ბუჩას აკეთებენ ყოველდღე - კრამატორსკიდან მარიუპოლამდე, ხარკოვიდან ხერსონამდე“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ რუსი ჯარი მიიღებს შეჭრის ბრძანებას, ისინი იმავეს გაუკეთებენ ფინეთსაც.

„მე თქვენ ამას არ გისურვებთ. რაც ბუჩაში გააკეთეს, იმავეს თქვენს ქალაქებშიც გააკეთებენ. ნებისმიერი ქვეყნის ქალაქებში, რომელზეც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ეს მათი იმპერიის ნაწილია და არა სხვა ერის მიწა. და მაშინაც კი, როდესაც რუსი სამხედროები ვერ გაიგებენ, რაში სჭირდებათ მათ ეს ომი, ისინი მაინც გააგრძელებენ ბრძოლას. იმიტომ რომ ეს სხვა ერების მიმართ სიძულვილია, რომელსაც რუსეთში გრძნობენ, მათ შორის სახელისუფლო დონეზე“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა