UNDP-ი ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი, თანასწორი და კლიმატგონივრული განვითარების გზაზე

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარში უდგას საქართველოს გლობალური და რეგიონული გამოწვევების დაძლევის საქმეში, რომლებიც პანდემიას, კლიმატის ცვლილებას და ამჯერად, უკვე უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს უკავშირდება. თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ამ გზავნილით შეაჯამა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, UNDP-ის ადმინისტრატორის თანაშემწემ და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა მისი სამდღიანი ვიზიტი საქართველოში.

„ეს გადამწყვეტი დროა მთლიანად რეგიონისთვის. გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს საქართველოს ხელშეწყობას განვითარების ყველა სფეროში. ასეთია ჩემი გზავნილი საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიმართ“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ.

გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით, 7 და 8 აპრილს, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ამავე ინფორმაციით, გაიმართა შეხვედრები პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მეწარმე ქალებთან და ახალგაზრდობასთან. UNDP-ის რეგიონული დირექტორი შეხვდა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი გაეცნო საკვანძო ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში UNDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება, მათ შორისაა საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცება, გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა და საქართველოს დახმარება კლიმატისადმი მდგრადი საზოგადოების მშენებლობის გზაზე. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს პარლამენტში, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო დაესწრნენ ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ახალგაზრდულ ღონისძიებას „საპარლამენტო თავგადასავალი“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 50-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც ჩართულები არიან საპილოტე სასწავლო პროგრამაში პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის შესახებ. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით შემუშავებული სასწავლო მოდულებისა და ილუსტრირებული სახელმძღვანელოების მეშვეობით, მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები იღებენ ადვილად გასაგებ და საინტერესოდ მიწოდებულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტისა და საპარლამენტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.

მირიანა სპოლიარიჩ ეგერი ასევე შეხვდა მეწარმე ქალებს, რომლებიც ქალთა ბიზნეს ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობენ. ეს ინიციატივა UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და მეწარმე ქალებს ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს, ბიზნესის 360-გრადუსიან ხელშეწყობას სთავაზობს.

კლიმატისადმი მედეგი განვითარება და გარემოს დაცვა UNDP-ის რეგიონული დირექტორის ვიზიტის ერთ-ერთ ცენტრალურ შინაარსს წარმოადგენდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილთან, და საქართველოში იაპონიის ელჩთან, იმამურა აკირასთან ერთად, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი დაესწრო ახალი პროექტის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტყის მდგრად მართვას ემსახურება. იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელდება UNDP-ის გლობალური ინიციატივის „კლიმატური დაპირების“ ფარგლებში, რომელიც მსოფლიოს 100 ქვეყანაში ხელს უწყობს სათბური აირების ემისიების შემცირებასა და პარიზის შეთანხმებასთან მიმართებაში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველომ ამბიციური გეგმები დაისახა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის საქმეში. ამ მრავალმხრივი დღის წესრიგის შესრულების შედეგად, ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ბიომრავალფეროვნების დაცვის, მწვანე განვითარებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.

„გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ამ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას კლიმატგონივრული მომავლისკენ“, - დასძინა მან.

გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით, 9 აპრილს, UNDP-ის რეგიონული დირექტორი კახეთს ეწვია, სადაც წყალდიდობისგან დაცვის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგებს გაეცნო.

„UNDP-ის ეს საქმიანობა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით, 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში. პროგრამის განხორციელების შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი - დაახლოებით 1.7 მილიონი ადამიანი, უკეთ იქნება დაცული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო