ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა

ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ეროვნული ბანკის ინფორამციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში საერთაშორისო ფინანსური სანქციების სრული დაცვით განხორციელდა.

როგორც ცნობილია, ფინანსური სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს.

ეროვნული ბანკის ინფორამციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი საერთაშორისო ინსტიტუტებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რის შედეგადაც ბანკებს სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ განახლებული მონაცემები მუდმივად მიეწოდებათ.

მისივე განმარტებით, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არაა, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად ეროვნული ბანკი აკონტროლებს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას იცავს, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის 1-ლი აპრილის პრესრელიზში გაკეთებული ჩანაწერიც ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა სანქციებს სრულად ითვალისწინებს ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველომ სათანადო ღონისძიებები გაატარა, რადგან ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც გვთავაზობს, რომ საქართველო სანქციების ასარიდებლად იქნებოდა გამოყენებული, დამღუპველი იქნებოდა არა მხოლოდ სანქციების დაწესების რეჟიმის, არამედ უკრაინის და თვითონ საქართველოსთვისაც.

"საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ მოვისმინეთ, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად გაატარა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მძლავრი სისტემა აქვს შემუშავებული იმისათვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მის მიერ უკრაინის ოკუპაციის გამო დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო დაპყრობაზე რეაგირების უმთავრესი ასპექტია. სანქციების დაწესების მიზანი პუტინის საომარი მანქანის მოშლა და რუსული ჯარის მიერ უკრაინის ხალხისთვის ზიანის და ტკივილის მიყენების უნარის შეზღუდვაა,“ - განაცხადა მარკ კლეიტონმა.

კობა გვენეტაძემ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას და სთხოვა, თავიანთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს ფინანსური სისტემის სანქციების სრული დაცვით ფუნქციონირების შესახებ აცნობონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა