თავდაცვის მინისტრმა ევროპარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციას, საგარეო ქმედებათა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები, თავდაცვის რეფორმები და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები განიხილეს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის ომზე.
თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას ევროკავშირის საპარლამენტო დელეგაციამ ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მოინახულა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

























