კოლხეთის ეროვნული პარკი: მნიშვნელობა და შენარჩუნების გზები

გლობალური მნიშვნელობის ჰაბიტატები, სახეობრივი მრავალფეროვნება და უნიკალური ეკოსისტემები ის მახასიათებლებია, რომლითაც კოლხეთის ეროვნული პარკი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. სწორედ, ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, 2021 წლის 26 ივლისს, პარკს იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რითიც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ტერიტორიის ღირებულებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორია ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. მის გაფრთხილებასა და შენარჩუნებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1947 წელს დაიწყო და ბუნებრივი და ნაკლებად სახეცვლილი ჭარბტენიანი ეკოსისტემების დასაცავად ნაკრძალი დაარსდა. უფრო მოგვიანებით, პალიასტომის ტბა, როგორც უნიკალური წყალსატევი, მიმდებარე ერთკილომეტრიან სანაპირო ზოლთან ერთად გამოცხადდა აღკვეთილად. დღეისათვის, კოლხეთის ეროვნული პარკი მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების IUCN II კატეგორიას.

1996 წელს საქართველო „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ" (რამსარის) კონვენციას შეუერთდა. 1996 წლის 30 აპრილის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით საერთაშორსო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებად განისაზღვრა ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები: ჭურიის, ნაბადის, ფიჩორა-პალიასტომის ჭაობები, პალიასტომის ტბა და მათი მიმდებარე ტერიტორიები და ზღვის აკვატორია. რამსარის კონვენცია მიზნად ისახავს მიგრირებადი, გადამფრენი და წყალმცურავი ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას, მდგრად სარგებლობას და ამისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას.

კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ აქ წარმოდგენილია საქართველოს ტორფნარების დაახლოებით 60%. მეტიც, სწორედ აქ მდებარეობს ყველაზე მნიშვნელოვანი, უნიკალური და იშვიათი, მსოფლიოს უდიდესი და უძველესი იმნათის ტორფნარი. იმნათის ტორფნარი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული იმ 2 პერკოლაციური ტორფნარიდან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს (პირველი ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი - ისპანი 2). სწორედ, იმნათის ტორფნარი შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული პარკის შექმნის მთავარ მიზეზად. ამ უნიკალურობის გამო კოლხეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო ტორფნარების რუკაზეც.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი 2004 წლიდან პან პარკების ქსელის ოფიციალური წევრია, ხოლო პალიასტომის ტბა 2003 წლიდან „ლივინგ ლეიქ“ (Living Lake) სისტემის ოფიციალური წევრია. კოლხეთის ეროვნული პარკი 2015 წლიდან გრეიფსვალდის მსოფლიო ტორფნარების სამეცნიერო ცენტრის ოფიციალური წევრიც გახდა.

კოლხეთის ეროვნული პარკი, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტორფნარების საერთაშორისო რუკაზე, სხვა მხრივაც განსაკუთრებულია. აქ არსებული რბილი კლიმატი და ხელსაყრელი გარემო პირობები არაერთი მნიშვნელოვანი სახეობის არსებობისათვის საჭირო საბინადრო გარემოს ქმნის. ტერიტორია ხასიათდება გლობალურად უნიკალური ჰაბიტატების სიმრავლით.

კოლხეთის ეროვნული პარკის ფლორა განსაკუთრებით მდიდარია და გამორჩეულია. აქ ვხვდებით ფლორის 324 სახეობას, მათგან 24 გლობალური წითელი ნუსხითაა დაცული. აქვეა საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებიც: ჰართვისის მუხა (Quercus hartwissiana), თელა (Ulmus glabra), ძელქვა (Zelkova carpinifolia) და კოლხური ბზა (Buxus colchica). აქ წარმოდგენილია ბერნის კონვენციით დაცული 3 სახეობა (ოთხფოთოლა მარსილეა (Marsilea quadrifolia), სალვინია (Salvini natans) და მცირე ლაქაში (Typha minima)) და 4 ენდემური სახეობა: კოლხეთის ენდემი კოლხური ბზა (Buxus colchica), კავკასიის ენდემი - კავკასიის რინქოსპორა (Rhynchospora caucasica), კოლხური დუმფარა (Nymphaea colchica), ტორფნარის ოქროწკეპლა (Solidago turfosa).

კოლხეთის ეროვნული პარკი, ფლორის იშვიათ სახეობებთან ერთად, ველური ფაუნის მთელი რიგი სახეობებისთვისაც უმნიშვნელოვანესი თავშესაფარია. ეროვნულ პარკში ვხვდებით მსოფლიო მასშტაბით მოწყვლად ისეთ სახეობებს, როგორებიცაა: ზღვის ღორი (Phocoena phocoena), საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა აფალინა (Tursiops truncates Montagu). გლობალური სტატუსით მოწყვლადი სახეობებია: მეჰელის ცხვირნალა (Rhinolophus mehelyi) და წავი (Lutra lutra). ეს უკანასკნელი ბერნის კონვენციით და საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ სახეობასაც წარმოადგენს.

კოლხეთის ეროვნული პარკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრინველებისთვის, აქ ვხვდებით გლობალურად მოწყვლად 6 სახეობის ფრინველს, კერძოდ: დიდ მყივან არწივს (Aquila clanga), ბექობის არწივს (Aquila heliaca), თეთრთვალა იხვს (Oxyura leucocephala), მარმარილოსებრ იხვს (Marmaronetta angustirostris Menetries), პატარა ღერღეტს (Anser erythropus), ქოჩორა ვარხვს (Pelecanus crispus). გლობალური სტატუსით მოწყვლადია 5 სახეობა: მცირე თეთრშუბლა ბატი (Anser erythropus), წითელთავა ყვინთია (Aythya ferina), გარიელი (Melanitta fusca), ხმელთაშუაზღვისპირული ქარიშხალა (Puffinus yelkouan ), ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus); ხოლო 46 სახეობა კი - საჭიროებს ზრუნვას.

პროექტი - "შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი“ - კოლხეთის ეროვნულ პარკში

საერთაშორისო მნიშვნელობის, აქ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი სახეობებისა და ჰაბიტატების სიმრავლისა და ეროვნული პარკის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ბუნების დაცვის ორგანიზაციამ „საბუკო“ ეს ტერიტორია 2020 წელს შეარჩია პროექტისთვის - ‘შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი”. პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდებარე დაცულ ტერიტორიებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარებისათვის საჭირო მეთოდოლოგიის შემუშავება.

პროექტის პირველ ეტაპზე შეგროვდება მონაცემები, რომელზე დაყრნობითაც განისაზღვრება არსებული საფრთხეების გადაჭრის გზები. ამ ეტაპისათვის, კოლხეთის ეროვნულ პარკში მიმდინარეობს ჰაერისა და წყლის მონაცემების შეგროვება, ასევე, პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული მნიშვნელოვანი სახეობების, როგორც ფრინველების, ისე ძუძუმწოვრებისა და თევზების მონიტორინგი. პროცესი ძირითადად ფოტოხაფანგების გამოყენებით მიმდინარეობს, ასევე ხდება ტერიტორიაზე გავრცელებული ჰაბიტატების შეფასება დრონის გამოყენებით. გამომდინარე იქიდან, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში წარმოდგენილი.

პროექტის ერთ-ერთი მიზანი კოლხეთის ეროვნულ პარკში წავის პოპულაციის მონიტორინგია, რომელიც მოწყვლადი სახეობაა და ასევე, წყლის სისუფთავის ბუნებრივ ინდიკატორადაც მიიჩნევა. სავარაუდოა, რომ ინვაზიური სახეობა ნუტრია არის წავის პირდაპირი კონკურენტი როგორც საკვებისთვის, ასევე თავშესაფრისთვის, ამიტომ საჭიროა ორივე სახეობაზე დაკვირვება და შესწავლა.

ინვაზიური სახეობების გავრცელება ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორად ამ სახეობებზე დაკვირვებას ეთმობა.

გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება შესაძლებლობას იძლევა შეგროვდეს ღირებული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება პრობლემების აღმოფხვრის გზები, ის ასევე მოიცავს ეროვნული პარკის, როგორც რეინჯერების, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათთვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ახალი მეთოდების გაცნობას.

კოლხეთის ეროვნულ პარკში პროექტი 2022 წელს დასრულდება, თუმცა მიღებული მონაცემები და ინფორმაცია მომავალშიც დაეხმარება პარკის ადმინისტრაციას აქ არსებული მნიშვნელოვანი სახეობებისა და ჰაბიტატების წინაშე არსებული საფრთხეების გადაჭრაში.

ფოტოები ეკუთვნის დაცული ტერიტორიების სააგენტოს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო