სალომე სამადაშვილი - სად დგას დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებას და პოლიტიკას „გულისამრევს“ უწოდებენ უკრაინის და საქართველოს მეგობრები?

სად დგას დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებას და პოლიტიკას „გულისამრევს“ უწოდებენ უკრაინის და საქართველოს მეგობრები? - აქ ხართ თქვენ დღეს და გიწოდებენ „სამარცხვინო“ და „გულისამრევ“ ხელისუფლებას. ამიტომ, როდესაც მაღალფარდოვან სიტყვებს რახარუხით გვესაუბრებით იმაზე, რომ თურმე ოპოზიციას აქვს ვალდებულებები, ოპოზიციას კი არ აქვს ვალდებულებები, თქვენ გაქვთ, თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხელისუფლება, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატებს.

სამადაშვილმა სხდომაზე უკრაინაში ომის ამსახველი ფოტოსურათები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ დღეს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი გაუჩნდა, ეს მხოლოდ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც უკრაინაში რუსეთმა მოკლა.

„ჩვენ ორი დღეა გვესმის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან წარმოუდგენელი განცხადება, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვარის გადმოცემა რომელიმე თქვენგანის დამსახურებაა. ამიტომ კარგად შეხედეთ ამ ფოტოებს და იქნებ გაიგოთ ვისი დამსახურებით გადმოგვეცა ევროკავშირის კითხვარი. ეს არის ამ ხალხის დამსახურება - 180 ბავშვის, რომელიც რუსეთმა მოკლა უკრაინაში, 1800 მშვიდობიანი მოქალაქის და იმ 5 მილიონი ლტოლვილის, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოიქცნენ. მარტო ბუჩაში 320 ადამიანი მოკლა რუსეთის ფედერაციამ. თქვენი ხელისუფლება, თქვენი საპარლამენტო ლიდერი ირაკლი კობახიძე უყენებს პირობებს, რა პირობით ჩავა „ქართული ოცნების“ დელეგაცია სამძიმარზე, სოლიდარობისთვის. კარგად შეხედეთ ამ ფოტოებს და გაიხსენეთ სად ცხოვრობთ. მსოფლიოს ისტორიაში არის მომენტები, როდესაც მორალური ფაქტორები ხდება გადამწყვეტი და რაციონალიზმთან მიმართებაში უპირატესობას იღებს. დღეს თუ ვინმე საუბრობს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, ეს ერთადერთ რამეს ეფუძნება - დღეს მსოფლიოში მორალური ფაქტორები გახდა მთავარი. სად დგას დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებას და პოლიტიკას „გულისამრევს“ უწოდებენ უკრაინის და საქართველოს მეგობრები? - აქ ხართ თქვენ დღეს და გიწოდებენ „სამარცხვინო“ და „გულისამრევ“ ხელისუფლებას. ამიტომ როდესაც მაღალფარდოვან სიტყვებს რახარუხით გვესაუბრებით იმაზე, რომ თურმე ოპოზიციას აქვს ვალდებულებები, ოპოზიციას კი არ აქვს ვალდებულებები თქვენ გაქვთ, თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხელისუფლება. ჩადით უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე, მიიღეთ რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციამ და კონკრეტულად ჩვენ, „ლელომ“ დავაინიცირეთ პარლამენტში ომის დანაშაულის და ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ იმის ნაცვლად, რომ არც კი განიხილავთ ოპოზიციის არცერთ ინიციატივას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს მიმართა, მოიწვიოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მოაწყოს საჯარო მოსმენა, რას აპირებს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების კითხვართან დაკავშირებით.

„მეტიც, გაასაჯაროვეთ ეს კითხვარი, ამით საზოგადოების და ოპოზიციის ფართო ჩართულობა იქნება შესაძლებელი. გაურკვეველია, რას სთხოვთ ოპოზიციას, რომელიც მთავარი აქტორის, მიშელის შეთანხმებიდან გავიდა?! დიახ, ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს საქართველოს წარმატების ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის უბედურება ისაა, რომ თქვენ მართავთ ამ ქვეყანას და ისრების გადატანა არავისზე არ გამოგივათ. პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა