ჩვენს ბინძურ თეთრეულში ხელების ფათურს თქვენ სჯობს თავი დაანებოთ, იპოვნოთ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი „კასტილი“, ეს არის თქვენი სიმბოლო - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას ანა წითლიძეს.
როგორც მან აღნიშნა, ის ყოველთვის იდგა იქ, სადაც ხალხს უჭირდა და არასდროს იქნება იქ, სადაც კაცის კვლა, უბედურება, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი.
„ძალიან ბევრი ბრალდება მოვისმინეთ დღეს ამ დარბაზში, განსაკუთრებით, ჩვენს დამოკიდებულებაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან, ევროინტეგრაციაზე. მე მხოლოდ ზოგიერთს გამოვეხმაურები. პირველ რიგში, სალომე სამადაშვილს, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ელჩად მუშაობდა, როცა თბილისის ქუჩებში ხალხს ხოცავდნენ და არბევდნენ. მე არ მახსოვს, რომ ამ ქალბატონს ბრიუსელიდან ხმა ამოეღოს, თანაგრძნობა გამოეხატოს დაჩაგრული ადამიანებისთვის, დარბეული თანამოქალაქეებისთვის. ვინ გიშლიდათ ქალბატონო სალომე? გადამდგარიყავით თანამდებობიდან, დაბრუნებულიყავით თქვენს სამშობლოში და იქ დამდგარიყავით, სადაც ხალხი იტანჯებოდა, რუსთაველის გამზირზე, ჩვენი სამშობლოს ქალაქებსა თუ სოფლებში, როცა თქვენი თანაგუნდელები ხალხს არბევდნენ, იჭერდნენ. მიგებაძათ ლევან მიქელაძისთვის და გადამდგარიყავით! ამიტომ, როცა ახლა ყელმოღერილი თითს გვიქნევთ და გვამუნათებთ, გვასწავლით ევროპული ცხოვრების წესს, ეს მთლად ლოგიკაში ვერ ეწერება.
ასევე, გამოვეხმაურები ხატია დეკანოიძეს, რომელმაც თქვა, რომ ვინც დღეს საქართველოს ევროინტერგრაციას ხელს უშლის, არის ამ ქვეყნის მტერიო. გვერდით გაიხედეთ ქალბატონო ხატია და აღმოაჩენთ ადამიანებს, რომლებიც დღენიადაგ საქართველოს მტრობენ, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოყოლებული, როცა ძაძები ჩაიცვეს, თავზე ნაცარი დაიყარეს და დაიწყეს ქვეყნის მტრობა 24- საათიან რეჟიმში. აქ წინა მოწვევის პარლამენტში თქვენი ვიგინდარა კოლეგებიც მახსოვს, რომლებიც ბრიუსელსა და სტრასბურგში დარბოდნენ კარდაკარ და ხელს უშლიდნენ ვიზალიბერალიზაციის განხორციელებას საქართველოსთვის და კიდევ ბევრ ავაკაზი მახსოვს აქედან გადახვეწილი, მათ შორის კაცის მკვლელი, იქიდან რომ ჭკუას არიგებს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს.
ასევე, მინდა მივმართო ჩემს ახალგაზრდა კოლეგას, რომელმაც დღეს აქ ჩემი და ჩემი კოლეგის წარსულზე ისაუბრა. ჩვენს ბინძურ თეთრეულში ხელების ფათურს, სჯობს თავი დაანებოთ, იპოვოთ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი „კასტილი“, ეს არის თქვენი სიმბოლო. რაც არ უნდა იღიმოთ, ის არის თქვენი სიმბოლო, თქვენი ავაზაკი პატიმარი ბელადის თუ ბელადყოფილის სიმბოლო, „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო. ეს არის სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი „კასტილი“. ახლა რომ ყელმოღერებით მამუნათებთ და ჩემს ბინძურ თეთრეულში ხელებს აფათურებთ, თქვენს თავსა და თქვენს პარტიას მიხედეთ, გაიხედ -გამოიხედეთ ვის წარმოადგენთ დღეს აქ და ზოგადად გულში ღრმად ჩაიხედეთ. მე ჩემი წარსულის თქვენგან განსხვავებით არასდროს შემრცხვენია და არც შემრცხვება. მე იქ ვიყავი, სადაც ხალხს უჭირდა ყოველთვის და არასდროს იქ არ ვიქნები, სადაც კაცის კვლა, უბედურება, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი. თქვენ იქ ხართ და სულს იწამლავთ ამით. ეს ჩემი მეგობრული სურვილია, თორემ გინდა „კასტილთან“ იყავი, გინდა ცოცხთან და სადაც გინდა იქ იყავით“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, ანა წითლიძემ მმართველი გუნდის დეპუტატებს 2016 წელს მათი ამჟამინდელი თანაგუნდელების გია ცაგარეიშვილისა და ირაკლი ჩიქოვანის განცხადებები შეახსენა და მოასმენინა, სადაც ისინი „ქართულ ოცნებას“ საგარეო კურსის შეცვლას აბრალებდნენ.
„სჯობს ყოფილ თანაგუნდელებს მოუსმინოთ, გია ცაგარეიშვილი 2016 წელს გვიმტკიცებდა, რომ საგარეო კურსი შეიცვალა და „ქართულ ოცნებას“ ჩრდილოეთისკენ უჭირავს თვალი. ასევე, ირაკლი ჩიქოვანი 2016 წელს გვიმტკიცებდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ იყურება, ახლა კი სულ სხვა განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა წითლიძემ.