მიხეილ ჩხენკელმა პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები“ კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში პროგრამის – „სახელმწიფო ენის ელჩები“ კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პირადად გადასცა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიმართულებით პროგრამის – „სახელმწიფო ენის ელჩების“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფო ენაზე ზრუნვა და მისი დაცვა ყველა ქართველის ვალია, რადგან მშობლიური ენა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობისა და ერთიანობის სიმბოლოა. მოხარული ვარ, რომ სწორედ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ვაჯილდოვებთ გამორჩეული პროგრამის მონაწილეებს, რომლებსაც თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებაში.

„სახელმწიფო ენის ელჩები“ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის უპრეცედენტო პროგრამაა. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ქართული ენის შესწავლის კუთხით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხარდაჭერას ემსახურება, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლებას უზრუნველყოფენ, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერების დაძლევაში ეხმარება.

მსურს, პროგრამის თითოეულ მონაწილეს მივულოცო კურსის წარმატებით დასრულება. დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ნაყოფიერად გამოიყენებთ. პირადად ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის უმთავრეს საზრუნავს ახალგაზრდებისთვის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ქართული ენის სწავლებაში მაქსიმალური ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს და არაერთ მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ კურსდამთავრებულებს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში“! - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელმა ქეთევან ჯაყელმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში, გიორგი დოხტურიშვილმა.

„სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა – „სახელმწიფო ენის ელჩები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ განახორციელა. პროგრამის ფარგლებში წინასწარი რეგისტრაციისა და კონკურსის გავლის შედეგად თბილისიდან, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან შეირჩა 20 ტრენერი, რომლებმაც 6 თვიანი, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული გადამზადება გაიარეს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში.

კურსის დასრულების შემდეგ ისინი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან. სასწავლო პროცესი ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მთლიანად ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით წარიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა