საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდიამ „მოდინახე“ დედაენის დღეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, კანცლერი, სტუდენტები, სტუ-ის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და მომღერალი ირმა სოხაძე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი მიესალმა. მან გაიხსენა 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენები და ხაზი გაუსვა დედაენის დასაცავად მშვიდობიან დემონსტრაციაზე გამოსული სტუდენტების როლს.

„1978 წლის აპრილში გახლდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი. როცა საქართველოს დედა-უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა აქცია მოაწყვეს, ჩვენ, 5 ათასზე მეტი სტუდენტი მათ შევუერთდით. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი დღე. ხალხის ზღვას ქართული ენის სინდისი აკაკი შანიძე მიუძღოდა. ჩვენ იმ დღეს მშობლიური ენის დაცვა შევძელით“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

მაყურებლების წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი „მოდინახე“ , რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით - „ო, ენავ ჩემო“ წარსდგა. სტუდენტებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განცხადებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდება „ლიტერატურული თეატრი“.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდება „ლიტერატურული თეატრი“, რომელიც თეატრ-სტუდიაში - „მოდინახე“ იფუნქციონირებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდენტებისათვის, მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ნიჭს ფართო გასაქანი მისცეს. მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

ღონისძიების დასასრულ მომღერალმა ირმა სოხაძემ ირაკლი აბაშიძის ლექსზე დაწერილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა „ო, ენავ ჩემო“ შეასრულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა