გიორგი შარაშიძე - შეიკრიბოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა თბილისის მერთან ერთად

ჩვენი ინიციატივაა, შეიკრიბოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა თბილისის მერთან ერთად, ერთადერთ საკითხზე სამსჯელოდ: ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს ევროპული მომავალი, - ამის შესახებ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

პარტიის ინფორმაციით, გიორგი შარაშიძე დაინტერესდა რამდენად მზადაა თბილისის თვითმმართველობა ევროკავშირის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო სათანადოდ მომზადებული ვერ ხვდება იმ უნიკალურ ისტორიულ მომენტს, როცა მოულოდნელად შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ და ჩვენი მეგობარი უკრაინის თავდაუზოგავმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოსთვისაც დააჩქარა.

მოუმზადებლობას ადასტურებს ბოლო ერთ კვირაში ერთმანეთის მიყოლებით – ჯერ ევროპარლამენტის, შემდეგ კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიშები, სადაც უარყოფითად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების ჩამორჩენა დემოკრატიული რეფორმებისა და მართლმსაჯულების კუთხით, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

ჩვენთვის, როგორც საკრებულოს წევრებისთვის – დემოკრატიული მართვის უმნიშვნელოვანესი რგოლის, ადგილობრივი თვითმმართველობის, წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, თუ რამდენად გამართული თვითმმართველობით ხვდება საქართველო იმ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესს, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჰქვია? არის ეს ის თვითმმართველობა, რომელიც მზადაა ევროკავშირის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად?“ , - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძე აღნიშნავს, რომ თბილისის მერი იმის ნაცვლად, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს თვითმმართველობის გაძლიერებაში და ამით უფრო მეტად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპასთან დაახლოებას, პირიქით იქცევა და უკრძალავს მერიის თანამდებობის პირებს ინფორმაციის გაცემას საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატებისთვის.

„როგორ წარმოგვიდგენია, ხვალ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს იმ პირობებში, როცა დედაქალაქის მერი იმის ნაცვლად, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს თვითმმართველობის გაძლიერებაში და ამით უფრო მეტად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპასთან დაახლოებას, პირიქით იქცევა – ასუსტებს და აკნინებს თვითმმართველობის არსს, რადგან პირდაპირ და დაუფარავად უკრძალავს მერიის თანამდებობის პირებს ინფორმაციის გაცემას საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატებისთვის?!

როგორ წარმოგვიდგენია, ხვალ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს იმ პირობებში, როცა დედაქალაქის მერი არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას და ამით წერტილი დაუსვას გავრცელებულ კითხვებს კორუფციისა და ნეპოტიზმის შესახებ და ხელი შეუწყოს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის დანერგვას თბილისის მერიაში?

რა ღიაობაზე და გამჭვირვალეობაზეა საუბარი, როცა საკრებულოს წევრებსაც კი, ხალხის მიერ საკუთარ წარმომადგენლად არჩეულ დეპუტატებს, არ გვაქვს საშუალება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა, რადგან არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ გაიცეს ინფორმაცია საკრებულოს ოპოზიციურ წევრებზე, რაც არა მხოლოდ კანონმდებლობისა და კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, არამედ რადიკალურად ეწინააღმდეგება თვითმმართველობის ფუნდამენტურ იდეას და შორსაა ევროპული ღირებულებებისგან.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო თბილისის მერს, რომელიც ამავე დროს გახლავთ მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და შესაბამისად ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია, ჩამოყალიბდეს და გვითხრას, ამ თვითმმართველობით აპირებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, როცა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების ზედამხედველობისა და კონტროლის საშუალებას არ აძლევთ?“ - განაცხადა გიორგი შარაძიძემ.

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, შეიკრიბოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა თბილისის მერთან ერთად, ერთადერთ საკითხზე სამსჯელოდ: ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს ევროპული მომავალი.

„მინდა დავაფიქსირო ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა – უახლოეს მომავალში შეიკრიბოს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ერთადერთ საკითხზე სამსჯელოდ და ეს საკითხი გახლავთ – ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს ევროპული მომავალი.

ამ სხდომაზე აუცილებლად მიგვაჩნია თბილისის მერის კახა კალაძის დასწრება და მისი მოსმენა, თუ რა გეგმა აქვს, როგორც თბილისის მერს და ამავე დროს როგორც მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს“ , - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი