მარიუპოლის მახლობლად, მანგუშ-ნიკოლსკოე-იალტის დასახლებების გასწვრივ ოკუპანტები 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ფილტრაციის ბანაკებში აჩერებენ, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშჩენკომ „ტელეგრამში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის აღნიშნული ქმედება მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესის შეფერხებას ისახავს მიზნად.
„დეპორტაცია და ფილტრაცია - განახლებული მონაცემებით, დღეს ოკუპანტებს მინიმუმ 20 ათასი ადამიანი ჰყავთ ფილტრაციის ბანაკებში მანგუშ-ნიკოლსკოე-იალტის ხაზის გასწვრივ და მიზანმიმართული შეფერხებისა და ფილტრაციის პროცედურის შენელების გამო ხელს უშლიან ევაკუაციის პროცესს. ასევე, სოფელ ბეზიმიანოეში არსებულ ფილტრაციის ბანაკში დეპორტაციის მომზადების ეტაპზე კიდევ 5-7 ათასი ადამიანი იმყოფება“, - წერს ანდრიუშჩენკო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან მარიუპოლში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინული დაზვერვის ცნობით, მარიუპოლში ასევე დაფიქსირდა 13 ერთეული რუსული მობილური კრემატორიუმი, რათა „ქალაქის ქუჩები დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებისგან გაიწმინდოს“. ამავე უწყების განაცხადებით, ოკუპანტები ფილტრაციის ბანაკების მეშვეობით ცდილობენ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკის ყველა პოტენციური მოწმის ამოცნობას, რათა შემდგომ ისინი გაანადგურონ.
Ukrinform-ის ინფორმაციით, დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე ალყაში მოქცეულ მარიუპოლში ამ დრომდე რჩება.