სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები გამოვლინდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაციით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები გამოვლინდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი, სუს-ი აქტიურად განაგრძობდა ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და დესტრუქციული ქმედებებისა და მცდელობების, პროვოკაციული ღონისძიებებისა და გეგმების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, მათთან შესაძლო კავშირში მყოფი და აღნიშნულ პროცესებში ჩართული ძალებისა თუ ცალკეული პირების დადგენას და მათგან მომდინარე კანონსაწინააღმდეგო აქტივობების პრევენცია-აღკვეთას.

„საანგარიშო პერიოდში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, საფრთხეების გამოვლენა-პრევენციის მიზნით გატარებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად, სამსახურის მიერ გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები. მათი სადაზვერვო საქმიანობის მეთოდებისა და ფორმების გამოვლენის მიზნით აქტიურად ტარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებები. მიმდინარეობდა საფარქვეშ მოქმედი უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების და ჯგუფების გამოვლენა-დადგენა, მათი საქმიანობის შესწავლა და შეზღუდვა. აღნიშნული საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა დატოვეს ქვეყანა, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექნიზმები“,- ნათქვამია ანგარიშში.

უწყების განმარტებით, 2021 წელს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დეტალები, სამხედრო საკითხები, პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების საქმიანობა, ეკონომიკური პროექტები, საკანონმდებლო რეფორმები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების განწყობები, მიგრაციული პროცესები და სოციალური თემები.

„საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობების, არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. აღნიშნული, მათ შორის, უკავშირდებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონმდებლობის შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას მათ წინააღმდეგ მიმართული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენციის მიზნით. ოპერატიული საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პირების მიმართ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირის დადგენის, ასევე, მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებების თავიდან აცილების მიზნით“,- ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული ქმედებები ასევე მიმართული იყო ეკონომიკურ პროცესებში ჩარევისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების შეფერხებისკენ. ცალკეული სახელმწიფოები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტებით, განაგრძობდნენ რეგიონზე ეკონომიკური ბერკეტების მოპოვება-განმტკიცების მცდელობებს. საანგარიშო პერიოდში სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო მსგავსი პროცესების პრევენციისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.

„ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოზე ეკონომიკური ბერკეტების მოპოვებით დაინტერესებულ გარე ძალებთან შესაძლო კავშირში მყოფი კომპანიების საქმიანობა. გამოვლინდა ცალკეული ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის განსახორციელებლად ადგილობრივი ბაზრის მონოპოლიზების მცდელობები“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან უწყების ინფორმაციით, გასული წლების მსგავსად, სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებას და ამ მიმართულებით, სათანადო ღონისძიებების გატარებას. მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სასაზღვრო ტექნოლოგიების, მათ შორის, დაკვირვების ელექტრონული სისტემების შემდგომი განვითარების კუთხით.

ასევე,როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2021 წელს სამსახურმა საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მინიჭების მიზანშეწონილობა განიხილა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაახლოებით 30 000 საქმეზე. აქედან, დაახლოებით 20 000 საქმე უკავშირდებოდა სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღებას, ხოლო 10 000-მდე საქმე განხილული იყო საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით (მათ შორის, შენარჩუნება და აღდგენა).

„იმავდროულად, ოპერატიული საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მოქმედი ცალკეული ორგანიზაციებისა თუ პირების დახმარებით, სხვადასხვა უკანონო გარიგებებითა და ფიქტიური დოკუმენტებით, ცდილობდნენ საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღებას. აღნიშნულ ფაქტებზე შემდგომი რეაგირებისთვის, სამსახური აქტიურ კოორდინაციაში იმყოფებოდა შესაბამის უწყებებთან.

ოპერატიული საქმიანობის პროცესში, უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა მომსახურების საფარქვეშ ცდილობდნენ საქართველოში უკანონო მიგრაციის არხების აწყობას. აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდა, ხოლო მათი წევრები აყვანილ იქნენ სასაზღვრო კონტროლზე.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობდა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას. მიმდინარეობდა აღნიშნულთან დაკავშირებული ოპერატიული ვითარების კონტროლი და გატარდა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო საზღვარზე რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახური მუდმივ კოორდინაციას ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებთან.

2021 წელს სამსახურის შესაბამისი დანაყოფების მიერ აღკვეთილ იქნა რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტები. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე და პასუხისგებაში მიეცა 2 პირი“,- ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა