ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის პროექტი, რომელიც სამინისტრომ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან“ ერთად განახორციელა, შესაძლოა, ამავე კომპანიასთან თანამშრომლობით კვლავ გაგრძელდეს.

საუბარი შეეხო ქვეყნების მიერ მდინარე მტკვრის წყლის რესურსის მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი კანონპროექტია მომზადებული, რომელიც ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის და სააუზო მართვის საკითხებს დაარეგულირებს.

„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო აზერბაიჯანის მხარესთან დაცული ტერიტორიების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დაფინანსებით, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს პროექტი (TJS) წარმატებით ხორციელდება, რომელიც მიზნად ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს.

მინისტრმა ელჩს პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან საქართველოსთვის 83 ქურციკის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში და სამუხის ველზე პოპულაციის რიცხოვნობა დღეისთვის უკვე 200 ინდივიდს აჭარბებს. ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

ელჩმა ფაიგ გულიევმა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარე გარკვეული რაოდენობის ქურციკების საქართველოსთვის გადმოცემას კვლავ გეგმავს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა 6 მაისს, ბაქოში დაგეგმილ მინისტერიალის „სოფლის მეურნეობის გაციფრულება“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ აღნიშნული ღონისძიება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. მინისტერიალში მონაწილეობას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე მინისტრი, მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიღებს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს