ნევროლოგის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილმა უფლებადამცველებს ციხიდან წერილი გამოუგზავნა, სადაც საუბრობს, რომ ტკივილები და დაბუჟება აქვს. ნევროლოგი სააკაშვილის სიმპტომებს პოლინეიროპათიის დაავადებას უკავშირებს.

„როგორც ვიცი, დაბუჟებამ მოუმატა და ტკივილები აქვს სხეულში. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ შეხვედრა და ყოველთვის მივიღეთ უარი, გვითხრეს, რომ ადეკვატური მკურნალობა აქვს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ვიცი, რომ ის წესიერად არ მკურნალობს. არ ვიცი, რა მკურნალობას უტარებენ, ყოველ შემთხვევაში შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იმ ხნის განმავლობაში, რაც მასთან კონტაქტი გვქონდა, მისთვის აუცილებელ მედიკამენტებს არ იღებდა. ახლა უბრალოდ არ გვაკარებენ“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.

რაც შეეხება იმას, საჭიროა თუ არა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, ექიმი ამბობს, რომ ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

„ყველა ექიმი, ვინც სააკაშვილი ნახა, ამბობს, რომ სხვა კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია. მედიცინაში არის ცნებები - საჭიროა, კარგი იქნებოდა, გადაუდებელი და დაუყოვნებლივი. დაუყოვნებლივ - ნიშნავს იმას, რომ არაფერზე უნდა დაიხიო და მაშინვე უნდა გააკეთო. აქ საქმე ეხება დაუყოვნებლივ გადაყვანას, რადგან მძიმე შედეგების წინაშე დავდგებით. რამდენი თამადა გინახავთ, არაჩვეულებრივად თამადობას, მაგრამ მძიმედ ავადმყოფია - არაფერს ნიშნავს, სააკაშვილი რომ გამოდის და ასე ყოჩაღად საუბრობს. მას რამდენიმე დაავადება აქვს - ეს არის: პოლინეიროპათია, ენცეფალოპათია, კუჭის წყლულოვანი დაავადება, სისხლის დაავადება, რაც ჰქონდა და ისევ აქვს, არ გამქრალა. რაც მთავარია, ყველა ეს დაავადება პროგრესირებს. ერთმანეთს ართულებს და ამდენად, მისი მკურნალობა ციხის ექიმის იმედზე არ შეიძლება. რაც არ უნდა გენიოსი იყოს ციხის ექიმი, ვერ უმკურნალებს. წიგნშიც რომ ჰქონდეს წაკითხული, გამოცდილებაა საჭირო.

გარდა ამისა, ძლივძლივობით მივაღწიეთ იმას, რომ რამდენიმე ხნის წინ გაუკეთეს ელექტრონეირომიოგრაფია და დარწმუნდნენ, რომ პაციენტი დამძიმდა პოლინეიროპათიით, რასაც ვწინასწარმეტყველებდით სამი თვის წინ - ეს მძიმდება. დაბუჟება ექნება და ტკივილები - რაც აქვს. წინასწარ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ეს აუცილებლად ჩამოყალიბდებოდა, თუ ადამიანს არ უმკურნალებ, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!