მაია ბითაძე - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მთელ საქართველოში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" კანონის 2021 წლის 1 ივნისს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა რუსთავის საწარმოებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი შედეგებისა და მათი აღმოფხვრისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ასევე საწარმო კომპანიების მიერ თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟებისა და ელექტრონულ სისტემაში ჩართვის პროცესზე, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ატმოსფერული ჰაერის ხარისხი.

მისი თქმით, ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„სამინისტრომ ამ მიმართულებით დიდი ხნის წინ დაიწყო მუშაობა, შემოწმდა საწარმოებში ფილტრაციის გამართული სისტემების შექმნის პროცესი. გასულ წელს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ჰაერის შესახებ კანონში და სამართალდარღვევათა კოდექსში, რამაც გააჩინა საშუალება, რომ სავალდებულო გამხდარიყო მოთხოვნა იმ 85-მდე საწარმოსთვის, რომლებიც მსხვილ სამრეწველო ობიექტებად და ამავე დროს ჰაერის მთავარ დამბინძურებლად ითვლება", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაწყებული დამატებითი მონიტორინგი და ვიზუალური დათვალიერება, რომელიც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით განხორციელებული ინსპექტირების პარალელურად მიმდინარეობდა.

„იმ პრიორიტეტებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მთელ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ერთის მხრივ ასოცირების ხელშეკრულების დირექტივა იყო შესრულებული და მეორეს მხრივ, მარტივად რომ ვთქვათ, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას და ჰაერს. ბუნებრივია ეს საკმაოდ რთული პროცესია, მათ შორის ბიზნესისთვის, ჩვენ ეს კარგად გვესმის, თუმცა დროში გაწერილი პროცედურების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საბოლოოდ ჰაერის ხარისხის სრული გაუმჯობესება. ასევე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბიზნეს სექტორის დამოკიდებულებას პროცესის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესია, კარგია რომ ისინიც იაზრებენ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროცესის გამოსწორება და გაჯანსაღება", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული საწარმოო პროცესის შედეგად დაბინძურებული ჰაერის კონტროლის პროცესში. სხდომას ესწრებოდნენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საჯარო სექტორის, ბიზნეს ასოციაციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა