თსუ-ის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი კუთვნილ შენობაში დაბრუნდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, თსუ-ის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი ისტორიულ შენობაში დაბრუნდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრი ინსტიტუტს ეწვია და მეცნიერ-თანამშრომლებს კუთვნილ შენობაში დაბრუნება პირადად მიულოცა.

„დღეს პირადად ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, რომელსაც დიდი ხანია ველოდით – ჩვენი მათემატიკის ინსტიტუტი დაუბრუნდა თავის მშობლიურ შენობას იქ, სადაც აკადემიკოსმა ნიკო მუსხელიშვილმა დააფუძნა ეს გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ეს მართლაც განსაკუთრებით გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომელმაც საქართველოს სახელი გაუთქვა მსოფლიო მასშტაბით. ამის დასტურია აქ გამოცემული მაღალი რანგის სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა არამხოლოდ თქვენს ინსტიტუტს, არამედ მთლიანად ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას. წინა ხელისუფლების დროს თქვენ გამოგასახლეს კუთვნილი ისტორიული შენობიდან, რაც იყო აბსოლუტურად უკანონო და უსამართლო აქტი. მოხარული ვარ, რომ დღეს სამართლიანობა აღდგა და დაუბრუნდით თქვენს კერას. გილოცავთ ყველას, მთელი გულით მინდა წარმატებები გისურვოთ. პირადად მე და ჩემი გუნდი მუდამ თქვენს გვერდით ვიდგებით და მხარს დაგიჭერთ ახალი ინიციატივების განხორციელებაში. მჯერა, ღირსეულად გაგრძელდება ამ უნიკალური მათემატიკური სკოლის ტრადიცია, რომლის სათავეებში ჩვენი კორიფეები იდგნენ,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ცნობისთვის, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი 1935 წელს ნიკო მუსხელიშვილისა და მისი უახლოესი კოლეგების ვიქტორ კუპრაძისა და ილია ვეკუას ინიციატივით დაარსდა, სადაც გასული საუკუნის ორმოციან წლებში ჩამოყალიბდა მსოფლიოში აღიარებული ქართული მათემატიკური სკოლა. დიდი ტრადიციების მქონე ინსტიტუტი დღემდე რჩება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად. ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი აწარმოებს ფუნდამენტურ კვლევებს მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად ინსტიტუტში 9 სამეცნიერო განყოფილებაა: ალგებრის, მათემატიკური ლოგიკის, გეომეტრია-ტოპოლოგიის, მათემატიკური ანალიზის, დიფერენციალური განტოლებების, მათემატიკური ფიზიკის, დრეკადობის მათემატიკური თეორიის, თეორიული ფიზიკის და ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის. ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტს აქვს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის საშუალებითაც ინსტიტუტი სამეცნიერო ჟურნალების გაცვლას აწარმოებს უცხოეთის 50-მდე სამეცნიერო დაწესებულებასთან. ინსტიტუტის თანამშრომლებს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ აშშ-ის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის 30-ზე მეტ სამეცნიერო ცენტრთან, რაც გულისხმობს ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებას, სამეცნიერო ვიზიტებს, ერთობლივი კონფერენციების მოწყობასა და ა. შ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა