ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლება გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ხელისუფლება გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს მორიგი სხდომა გაიმართება საქმეზე, რომელზეც, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას ედავებიან და ედავებიან საკუთარ სამშობლოში იმ ფორმით დაბრუნებას, რაც ნებისმიერ არეულობას, პროვოკაციას და სიტუაციის დესტაბილიზაციას გამორიცხავდა. ერთადერთი, ვისი სიცოცხლეცა და ჯანმრთელობაც დადგა საფრთხის ქვეშ ამ ფორმით საქართველოში დაბრუნებისას, იყო სწორედ თავად მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას, ეს საქმე იმდენად აბსურდულია, მათ შორის მისი შინაარსის გათვალისწინებით, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია სამართლებრივ დეტალებზე ყურადღების გამახვილება, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი მიიღებს მონაწილეობას ამ სხდომაში და მიმართავს საზოგადოებას.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბუნებრივია, სამედიცინო დანიშნულების თვალსაზრისით, ექიმების პოზიციას ვერაფერს დავამატებ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ხელისუფლება გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. მარტო ერთი ფაქტი, ის რომ დაახლოებით ერთი თვე ხდება, რაც ექიმს არ უშვებენ მასთან, მიუთითებს სწორედ ხელისუფლების მიზანზე, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან მის სიცოცხლეს შეექმნას სერიოზული პრობლემები“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო