ივნისის ბოლომდე ევროკომისია გამოაცხადებს პირველ დასკვნებს უკრაინის კანდიდატის სტატუსზე, რის შემდეგაც ეს საკითხი ევროსაბჭოს დღის წესრიგში შევა, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.
„ივნისის ბოლომდე გამოცხადდება პირველი შუალედური დასკვნები, რომელიც შეგვიძლია შევიტანოთ ევროსაბჭოს დღის წესრიგში, რათა დაიწყოს პოლიტიკური დისკუსია და დიალოგი - რათა ამ მიმართულებით პროგრესი მოხდეს“, - განაცხადა მიშელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის [ევროპულ] არჩევანს ძალიან კარგად გრძნობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ევროპული პრინციპებისადმი ერთგულებას ყოველდღიურად ავლენს:
„თქვენ იბრძვით არა მხოლოდ უკრაინელი ბავშვების მომავლისთვის, არამედ ფუნდამენტური ღირებულებებისთვის, რომელიც ევროპის საფუძველია“.
შეგახსენებთ, 8 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალურად გადასცა კითხვარი, რომლის შევსებაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.