ეიპიემ ტერმინალს ფოთი საზღვაო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება

“ეიპიემ ტერმინალს” ფოთი საზღვაო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ “ეიპიემ ტერმინალსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,

როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2022 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა, წინასწარი გამოცხადების გარეშე, დაჩქარებული წესით დაიწყო „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“კანონპროექტის განხილვა. წარმოდგენილი ცვლილებები არსებითად ცვლის ფოთის საზღვაო ნავსადგურის ამჟამინდელ სამართლებრივ მოწესრიგებას - ეიპიემ ტერმინალს ფოთი (სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე, სერვისების მიწოდებაზე, ასევე, ფოთის საზღვაო ნავსადგურის საზღვრების ფარგლებში არსებული ქონების და ინფრასტრუქტურის მართვაზე პასუხისმგებელი ნავსადგურის ერთადერთი ადმინისტრატორიდან გარდაიქმნება ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე ერთ-ერთ სანავსადგურე ერთეულად.

„შემოთავაზებული ცვლილებები გავლენას მოახდენს კომპანიის ზოგიერთ უფლებაზე, კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ამიტომ, ეიპიემ ტერმინალს ფოთი (სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) შეშფოთებას გამოთქვამს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და სთხოვს საქართველოს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს დაინტერესებული მხარის, ეიპიემ ტერმინალს ფოთის ინტერესები, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა და გაიხმოს კანონპროექტი. აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება და უგულებელყოფს პრივატიზების ხელშეკრულებებით, ასევე, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

კანონპროექტს შემოაქვს ახალი რეგულაციები შესასვლელ არხთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ როგორ უნდა დაირიცხოს სანავსადგურე გადასახადი მომხმარებლებისთვის და როგორ უნდა გადანაწილდეს შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები სანავსადგურე ერთეულებს შორის. ასევე, ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფლებამოსილებას, სანავსადგურე ერთეულებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, შეინარჩუნოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმე და აკრიფოს გადასახადები, ისეთი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინების გარეშე, როგორიცაა ტალღმჭრელი მოლო (Breakwater) - ეიპიემ ტერმინალს ფოთის საკუთრებაში არსებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა შესასვლელი არხის შესანარჩუნებლად”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფოთის საზღვაო ნავსადგური არის საქართველოში უდიდესი ნავსადგური და მთავარი ევროპული კარიბჭე საერთაშორისო ვაჭრობისთვის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამასთან, იდეალური მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ იქცეს ცენტრალური აზიის სავაჭრო ცენტრად. 2011 წლიდან ეიპიემ ტერმინალსმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოძველებული ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და მომსახურების საშუალებების განახლებაში და დღემდე განაგრძობს ინვესტირებას.

როგორც ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორი, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი აღნიშნავს, კანონპროექტის ინიციატორებმა უნდა გადახედონ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შესახებ.

„ჩვენ ვმუშაობთ ლოგისტიკური დერეფნის განვითარებაზე და რეალიზებაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას მსოფლიოსთან დააკავშირებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით. ამასთანავე, ვისწრაფვით გავხდეთ მთავარი კარიბჭე და მივაწოდოთ მსოფლიო დონის სერვისები ჩვენს მომხმარებლებს, და წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა უნდა გადახედონ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შესახებ რათა საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის საინვესტიციო გარემოს,” – ამბობს გენერალური დირექტორი.

კომპანიის ცნობით, შემოთავაზებული რეგულაციები არღვევს და ზღუდავს ინვესტორის უფლებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს, შეუსაბამოა კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და სახელმწიფოს ვალდებულებასთან ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას.

„აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ მხარეებს არ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა პროექტის შემუშავების პროცესში. გარდა ამისა, არ ჩატარებულა რეგულირების ზეგავლენის შეფასება და არც გარე ექსპერტი ყოფილა ჩართული პროექტის შემუშავების პროცესში.

კანონპროექტის გაცხადებული მიზანი ბიზნესოპერატორების ინტერესების დაბალანსებაა, სინამდვილეში კი შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ეიპიემ ტერმინალსის, როგორც ინვესტორისთვის, სამართლიან და თანასწორ მოპყრობას. კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს კომპანიისთვის შემოსავალის მიღების შესაძლებლობას, რომელიც გარანტირებული იყო პრივატიზების ხელშეკრულებებით, თუმცა უტოვებს მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს, სტანდარტების შესაბამისად შეინარჩუნოს ტალღმჭრელი მოლო და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები პორტის ყველა მომხმარებლისა და ოპერატორის სასარგებლოდ. ინვესტორების უფლებამოსილებების დაბალანსებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი ფაქტობრივად გაურკვეველ სიტუაციას ქმნის, საფრთხეში აგდებს ამჟამად არსებულ უსაფრთხო და ეფექტურ ოპერაციებს ნავსადგურში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მნიშვნელოვან დისბალანსზე, რაც ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულებით გარანტირებულ უფლებებსა და მოვალეობებს შორის იქმნება.

ეიპიემ ტერმინალს ფოთი მიიჩნევს, რომ არ არის დაცული სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთი ყოველთვის უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ინფრსტრუქტურაზე წვდომას თავისუფალ და თანაბარ პირობებში; ამასთანავე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეიპიემ ტერმინალსის მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ, დროთა განმავლობაში ნავსადგურის დახურვის წლიური დღეები 120-დან 20-მდე შემცირდა, რაც ცალსახად მიუთითებს ნავსადგურის ინფრასტრუქტურაზე მუდმივ ზრუნვასა და განვითარებაზე, როგორც ეს პრივატიზების ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო