NDI - გამოკითხულთა 82% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ნატო-ში გაწევრიანება კი  71%-ისთვის მისაღებია

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. 9%-ისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

NDI-ის კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა, ხოლო შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს.

ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ხელმოწერა თანაბრად მისაღებია ყველასთვის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. კითხვაზე დადებითად 83%-მა უპასუხა.

რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა ოდენობას, გამოკითხულთა 71%-ის აზრით, ნატო-ში გაწევრიანება მათთვის მისაღებია. 15%-ისთვის მიუღებელია, ხოლო 13%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ასევე, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

ომის დაწყების შემდეგ, ყოველ მეორე მოქალაქეს, გამოკითხულთა 55%-ს სჯერა, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%

საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა