რუსეთი ცდილობს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები შიმშილის გზით გამოდევნოს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქის დატოვების ნება დართოს, - ამის შესახებ „ომის კვლევის ინსტიტუტი“ წერს.
ორგანიზაცია, უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ დაბომბვა კვლად გრძელდება.
„რუსეთისა და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ძალები განაგრძობენ მარიუპოლის მთავარ შენობებზე კონტროლის კონსოლიდაციას და, სავარაუდოდ, ქმნიან პირობებს საოკუპაციო მთავრობის შესაქმნელად,“- ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.
მათივე ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მარიუპოლს რუსული ძალების ნაწილი ტოვებს.
„ომის კვლევის ინსტიტუტი“ ამ დროისთვის ვერ ადასტურებს, თუ რომელი რუსული ძალები გაემგზავრნენ ქალაქიდან ან საით გაემგზავრნენ ისინი,“- ნათქვამია ინფორმაციაში.