რუსმა ოკუპანტებმა ყირიმის ბაზიდან ოთხი წყალქვეშა ნავი ღია ზღვაში გამოიყვანეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგი ბრაჩუკი Telegram-ში იტყობინება.
მისივე თქმით, აღნიშნულ წყალქვეშა ნავებს ფრთოსანი რაკეტების 50 მეტრის სიღრმიდან გაშვება შეუძლიათ.
„ღამემ ოდესასა და რეგიონში დაბომბვის გარეშე ჩაიარა. ვიცით, რომ მტერმა შავ ზღვაში პატრულირების მიზნით ოთხი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, რომელიც „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაა შეიარაღებული. ამიტომ, სარაკეტო დარტყმის ალბათობა მაღალი რჩება“, - განაცხადა ბრაჩუკმა.
მისი განმარტებით, საუბარია რუსულ წყალქვეშა ნავებზე, რომლებსაც შეუძლიათ რაკეტების გაშვება 50 მეტრამდე სიღრმიდან, რაც რადარებს და თანამგზავრებს მათი ეფექტურად დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს.