უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში გააკრიტიკა, რადგან მან „მშვიდობის დაბრუნების მიზნით“, ჯერ მოსკოვში ჩასვლა გადაწყვიტა, შემდეგ კი კიევში. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, "ამ თანმიმდევრობაში ლოგიკა არ არსებობს“.
„ამას ლოგიკა უნდა დაემატოს და ის მარტივია: თუკი ამ ომის დასრულება გსურს, საჭიროა იმის ზუსტად ცოდნა, თუ რა ხდება. იქ [მოსკოვში] რას დაინახავს? კუტუზოვსკის პროსპექტზე გვამები არ ყრია, იქ რისი ნახვა სურს? მგონია, რომ უფრო ლოგიკური იქნებოდა ჯერ უკრაინაში ჩამოსვლა და ყველაფრის ნახვა, შემდეგ კი რუსეთში წასვლა და საუბარი. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ალოგიკურია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, გუტერეშთან რამდენიმე პირადი შეხვედრაც ჰქონდა. „მას ხაზგასმით ვუთხარი, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვა უბრალოდ შეუძლებელია. გაეროს გენერალური მდივნისგან ჩვენ 100%-იან მხარდაჭერას ველით, რადგან სიმართლე 100%-ით ჩვენს მხარესაა და ომი ჩვენთან მიმდინარეობს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე განმარტა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები რუსეთში ვიზიტამდე ჯერ უკრაინაში არსებულ ვითარებას უნდა გაეცნონ, „თუკი ეს ეხება დახმარებას და არა პოლიტიკურ ტურიზმს“.