უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო მილოცვა გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა მოსახლეობას წმინდა სოფიას ტაძრიდან სიტყვით მიმართა.
ვიდეო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ წმინდა სოფიას ტაძარი არის სალოცავი, რომელიც მტრის შემოსევებისა და ოკუპაციის მიუხედავად გადარჩა. მისი თქმით, ისინი წელს ბნელ პერიოდს გადალახავენ და იმისდა მიუხედავად, რომ „ახლა ნათელ სამოსში არ არიან, ისინი ნათელი იდეებისთვის იბრძვიან“.
„ამ ნათელ დღეს, მე და უმეტესობა ჩვენგანი არ ვართ ნათელ სამოსში, მაგრამ ვიბრძვით ნათელი იდეისთვის, ნათელ მხარეს. ჩვენს მხარეს არის ჭეშმარიტება, ხალხი, უფალი და უმაღლესი ზეციური ბრწყინვალება“, -განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სოფიას ტაძარი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს და სანამ ეს ადგილი იარსებებს, იარსებებს უკრაინაც.
„ეს ადგილი სიმბოლურია, რადგან გადაურჩა მონღოლთა შემოჭრას და გერმანელი ნაცისტების ოკუპაციას. ახლა კი ის გაუძლებს რუსული საოკუპაციო ნაცისტური ჯარების შემოჭრას. სანამ არის ორანტა, არის სოფია და მასთან ერთად დგას კიევი, მათთან იდგება მთელი უკრაინა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახსენა ის ადამიანები, რომლებიც ამ დღეს სახელმწიფოს და უკრაინას იცავენ, მათ შორის სამხედროები, ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები, დაზვერვა და ა.შ. გარდა ამისა, მან მოიხსენია მოხალისეები, ექიმები, მეხანძრეები და მაშველები. ხაზგასმით და ცალკე მოიხსენია პრეზიდენტმა დედები, რომლებიც ომიდან შვილს ელოდებიან და ისინი, ვინც ფრონტის ხაზიდან შვილების დაბრუნებას ვერ ელიან. მისი თქმით, შარშან უკრაინელებმა აღდგომა სახლში აღნიშნეს კორონავირუსის გამო, წელს კი ვირუსი სრულიად განსხვავებულია.
„შარშან ჩვენ აღვნიშნეთ აღდგომა სახლში პანდემიის გამო. წელს კვლავ აღვნიშნავთ ქრისტეს აღდგომას სხვაგვარად, ვიდრე ადრე სხვა ვირუსის გამო. ჭირის გამო, რომელსაც ომი ჰქვია. შარშანდელ და ამჟამინდელი საფრთხეს ერთი რამ აერთიანებს - უკრაინას ვერაფერი დაამარცხებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა განაცხადა ისიც, რომ აღდგომა არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ბოროტებაზე სიკეთის და სიბნელეზე სინათლის გამარჯვების დღესასწაული, „სწორედ ამიტომ გამარჯვება უკრაინის მხარესაა:. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ღმერთს მხოლოდ ერთს სთხოვს - მშვიდობასა და კეთილდღეობას. მან ასევე მოუწოდა ყველა მოქალაქეს, გაუფრთხილდნენ თავიანთ თავს, საყვარელ ადამიანებს და უკრაინას.
„აღდგომას ღმერთს ვთხოვთ დიდ წყალობას ჩვენი დიდი ოცნების ასრულებისთვის - ეს არის კიდევ ერთი დიდი დღე, დღე, როდესაც უკრაინაში დიდი მშვიდობა დადგება. და მასთან ერთად - მარადიული ჰარმონია და კეთილდღეობა. გაუფრთხილდით თავებს. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე. გაუფრთხილდით უკრაინას! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.