ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის შეფასებით, უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
უოლესმა თემთა პალატას განუცხადა, რომ ომში განადგურდა 2 000-ზე მეტი რუსული ჯავშანმანქანა, 500-ზე მეტი ტანკი, 60 ვერტმფრენი და თვითმფრინავი.
უოლესმა ასევე განუცხადა დეპუტატებს, რომ ბრიტანეთმა უკრაინას მიაწვდის "მცირე რაოდენობით" Stormer-ის ჯავშანტექნიკას, რომლებიც აღჭურვილია საზენიტო რაკეტების გამშვებით.
უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 21 900 სამხედროს აღწევს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი მონაცემები ბოლოს 25 მარტს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უკრაინაში 1 351 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 3 825 დაიჭრა.