კობა გვენეტაძემ კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა "განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში ინფლაციისა და ბაზარზე არსებული გამოწვევები და საპასუხო ქმედებები" იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება, ტრადიციულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების შემდგომ იმართება და მთავარი თემების გარშემო დისკუსიას ეთმობა. შეხვედრაში მონაწილე ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები, ყოფილი ბანკირები, აკადემიური წრეებისა და ფინანსური სექტორის ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეკონომიკის გამოწვევების საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტი ეკონომიკის გლობალურ გამოწვევაზე - მაღალ ინფლაციაზე გააკეთა და მონეტარული ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,ინფლაცია მთელ მსოფლიოში იზრდება, ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდეც კი ასე იყო. მიწოდება - მოთხოვნის შეუსაბამობა, საქონლის (საწვავის და სურსათის) ფასების ზრდა 2021 წლის დასაწყისიდან ინფლაციის ზრდას ასტიმულირებს. ცენტრალურ ბანკებს ახლა სიფხიზლე მართებთ, რადგან ხანგრძლივად არსებულ მაღალ ინფლაციას საკმაოდ დიდი ხარჯი ექნება და მონეტარულ ხელისუფლებას უფრო ძლიერი რეაგირების გაკეთება მოუხდება. ახალგაზრდა ბაზრების ზოგიერთმა ცენტრალურმა ბანკმა, მათ შორის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრევენციის მიზნით უკვე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, რაც განვითარებული ეკონომიკების პოლიტიკის ნორმალიზაციის ციკლის დაწყებისას ინფლაციური მოლოდინების გაჩენის საპასუხოდ მოხდა.

თუმცა, ბოლო პერიოდის ინფლაციის რისკები ახალგაზრდა ბაზრების ცენტრალურ ბანკებს აიძულებს, კიდევ უფრო დააჩქარონ პოლიტიკის გამკაცრება, რათა შეაკავონ ის მოლოდინები, რომლებიც ხანგრძლივი ინფლაციის ფონზე სწრაფად იზრდება. სწორედ ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე ჩვენი პოლიტიკის განაკვეთი კიდევ უფრო გავამკაცრეთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ 19 - 24 აპრილს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო მაღალი რანგის შეხვედრაში, მათ შორის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში, ასევე, შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა