რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაცია დიდი რაოდენობის პრობლემების კატალიზატორი გახდა და აქედან გამომდინარე რუსეთმა სწრაფად უპასუხა გაეროს გენერალური მდივნის თხოვნას მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ თქვენს სურვილს, გვქონოდა მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ამ ძალიან რთულ დროს“, - უთხრა სერგეი ლავროვმა ანტონიო გუტერეშს.
როგორც ლავროვმა განმარტა, დაგეგმილი შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის „ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ჩვენს კონტაქტებს გაეროსთან“.
ამასთან გუტერეშმა ლავროვთან საუბარში აღნიშნა, რომ გაერო უკიდურესად დაინტერესებულია ეფექტური დიალოგის პირობების შესაქმნელად სათანადო გზის გამონახვაში, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტაში.
„ვიცი, რომ დღეს ჩვენ უკრაინაში რთული სიტუაციის წინაშე ვდგავართ, განსხვავებული ინტერპრეტაციებია იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში, მაგრამ ეს არ ზღუდავს ძალიან სერიოზული დიალოგის შესაძლებლობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ ადამიანების ტანჯვის მინიმუმამდე შემცირებაზე“, - განაცხადა გუტერეშმა.