ბადრი ჯაფარიძე - როცა ესაუბრები სანქცირებულ პირს, რომელიც აგრესორი პუტინის ხელისშემწყობად აღიქმება, ეს ნიშნავს, რომ არ დგახარ უკრაინის მხარეს, სადაც უნდა იდგე, არ დგახარ დასავლეთის მხარეს

როდესაც ესაუბრები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებულ პირს, რომელიც აგრესორი პუტინის ხელისშემწყობად და ამ აგრესიის თანამონაწილედ აღიქმება, ეს ნიშნავს, რომ არ დგახარ უკრაინის მხარეს, სადაც უნდა იდგე, არ დგახარ სრულად დასავლეთის მხარეს, რომელიც კონსოლიდირებულია უკრაინის ირგვლივ. ეს არის დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მთავრობის განცხადებები და ეს სატელეფონო საუბრები ერთმანეთთან უნისონშია და ეს გვეუბნება იმას, რომ ქვეყანას არაფორმალური მმართველი მართავს.

„ფარული ჩანაწერი საზოგადოდ, ძალიან ცუდი მოვლენაა და მისი არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მისი ავთენტურობის დადასტურება. თქვენ იცით, რომ მეც ვარ მსხვერპლი ფარული ჩანაწერების და 60 ფაილი იყო, რომელიც მაჩვენეს მე თბილისის პროკურატურაში, რომელიც სასულიერო პირებთან ჩემ საუბარს ასახავდა, მაგრამ არცერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა რომ გამოძიებულიყო უკანონო, მასობრივი ფარული მოსმენები. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს „ქართული ოცნების“ ხელდასმით განხორციელებული მოსმენებია. ეს ის ძალაა, რომელიც უკვეთავს ამ მოსმენებს და გამოძიებას არ განახორციელებს. ეს არის ყველაზე დიდი მტრობა ქვეყნის, როდესაც ოპონენტს უსმენ ფარულად. რაც შეეხება გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანი სანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და აღიქმება როგორც აგრესორი პუტინის ხელისშემწყობად და ამ აგრესიის თანამონაწილედ, რომელიც ხორციელდება უკრაინის მიმართ შესაბამისად, მასთან მეგობრული საუბარიც კი ნიშნავს, რომ არ დგახარ შენ სრულად უკრაინის მხარეს, სადაც უნდა იდგე, არ დგახარ სრულად დასავლეთის მხარეს, რომელიც კონსოლიდირებულია უკრაინის ირგვლივ. ეს არის დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავრობის განცხადებები და ეს სატელეფონო საუბრები ძალიან უნისონშია ერთმანეთთან. ეს გვეუბნება იმას, რომ არაფორმალური მმართველი მართავს ქვეყანას და ცდილობს რუსეთთან ჰქონდეს ისეთი ურთიერთობა, რომ რუსეთის მმართველი რგოლი არ გაანაწყენოს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესდეს.

„საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლის ხელშიც ახლა სანქციების ინსტრუმენტია, დაკვირვებით და ყურადღებით ადევნებს თვალს ამ პროცესებს და საბოლოო ჯამში, სანქციების გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მავნებლურად გააგრძელებს დღევანდელი ხელისუფლება და ამ პარტიის დამფუძნებელი ივანიშვილი საქმიანობას ქვეყნის მიმართ. ყველას გვესმის, რომ საქართველო არის ვალდებული შეუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს, სხვა შემთხვევაში, საქართველოს დაედება სანქციები. საბანკო სექტორი და ზოგადად, სახელმწიფო დღეს უნდა ასრულებდეს იმ სასანქციო რეჟიმს, რომელიც დაწესებულია და იმედი მაქვს, რომ ეს რეჟიმი სრულდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა