ჯანდაცვის მინისტრი  - იმუნიზაციის პროცესის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022 წელს დაახლოებით 70 მილიონ ლარს შეადგენს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებული იმუნიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია, განსაკუთრებით კი ბავშვებში.

მინისტრის თქმით, ვაქცინების კუთხით შეფერხებები და დეფიციტი საქართველოში არ არის და მნიშვნელოვანია, რომ მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, იმუნიზაციის პროცესი აქტიურად გაგრძელდეს.

„კოვიდ 19-დან გამომდინარე, იმუნიზაცია შემცირებული იყო, განსაკუთრებით ბავშვებში. იმუნიზაცია ბავშვებში იმ ძალიან რთული დაავადებებისგან იცავს, რაც წინა წლებში გვქონდა და გარკვეული დაავადებები დღეს უკვე აღარ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ იმუნიზაცია გაგრძელდეს. მედიასაც მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო აქტიურად იყოთ ჩართულები და მშობლებს ბავშვების იმუნიზაციისკენ მოუწოდოთ, რადგანაც ეს ვაქცინები ნამდვილად იცავს და ბევრი სიცოცხლე და ბევრი ბავშვი გადარჩება. ბავშვებთან ერთად ასევე, სხვადასხვა ტიპის ვაქცინები რაც გვაქვს, ამის საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილშიც კარგი იქნება თუ დაგვეხმარებით და თქვენს სიუჟეტებში იმ საჭიროებას გააჟღერებთ, რაც იმუნიზაციასთან დაკავშირებით არის,“ - აღნიშნა აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022 წლის ბიუჯეტი დაახლოებით, 70 მილიონ ლარს შეადგენს.

„ამ ბიუჯეტში სხვადასხვა ტიპის ვაქცინები შედის, როგორც საბავშვო, ასევე, კოვიდთან დაკავშირებული. ის 70%-იანი მოცვა, რაც კოვიდთან დაკავშირებით ვახსენეთ, ესეც აქ არის გათვალისწინებული და ძალიან მიხარია, რომ ყველა ტიპის ვაქცინა, საბავშვო იქნება თუ მოზრდილებისთვის, ქვეყანაში გვაქვს და ამის დეფიციტი არ არის.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, წინა წლებში, 2011-2012 წლის შემდეგ, შეფერხება და დეფიციტი არასდროს გვქონია და ქვეყანაში ყოველთვის იყო ვაქცინების მრავალფეროვანი არჩევანი და უბრალოდ, ახლა საჭიროა უფრო მეტად მობილიზება და აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მეტ ავცრათ,“ - განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა