ერევანში სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ორი საპროტესტო მსვლელობა იმართება.
ერთ აქციას სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის „სომხეთის“ ვიცე - სპიკერი აშხან საღატელიანი ხელმძღვანელობს, მეორეს, რომელიც თავისუფლების მოედანზე დაიწყო - ასევე ოპოზიციური ფრაქციის „მაქვს პატივი“-ს ლიდერი არტურ ვანეციანი.
მოსალოდნელია, რომ ორივე მსვლელობის მონაწილეები საფრანგეთის მიედნისკენ მიემართებიან და საპროტესტო აქციას იქ გამართავენ.
„ჩვენი მოძრაობა ყოველდღიურად იზრდება. ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს საშუალებას ჩვენი მიზნის მისაღწევად - სომხეთის და მთიანი ყარაბაღის ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ჩვენ მიზანს მივაღწევთ“, - განაცხადა ვანეციანმა.
ოპოზიციის განცხადებით, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა დამანგრეველია სომხეთისთვის და მთიანი ყარაბაღისთვის, რაც სომხეთის მხარეს დათმობებისკენ წასვლას და სახელმწიფობრიობის დაკარგვას უქადის.