პრემიერ-მინისტრი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციისა და პრაქტიკაში ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემის დანერგვის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაური ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში იმყოფებოდა.

პრემიერი დაინტერესდა, რამდენად მაღალია მოქალაქეების მოთხოვნა თურქეთიდან იმპროტირებულ მედიკამენტებზე, ასევე, როგორ დაინერგა პრაქტიკაში ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა.

ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტებს და მოქალაქეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური გაზრდა და ამავდროულად, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შემოვიდა და შემოვა თურქეთიდან, “ჯი-ემ-პი” სტანდარტისაა.

მოქალაქეებმა მთავრობის მეთაურსა და ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის და აღნიშნეს, რომ თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შემდეგ მათი ჯიბიდან გადახდები საგრძნობლად შემცირდა.

თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 17 იანვარს გაიხსნა, რის შედეგადაც ქვეყანაში 250-მდე დასახელების, მათ შორის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები 60-70-80%-მდე ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი. თურქეთიდან იმპორტირებული იაფი წამლების შეძენა, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია კი მუდმივად იზრდება.

ფარმაცევტული კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ თურქულ მხარესთან, რათა მედიკამენტების ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი იყოს. ჯანდაცვის სამინისტრომ ასობით მედიკამენტი პროაქტიულადაც დაარეგისტრირა, რაც ქვეყანაში წამლების შემოტანის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

ამასთან, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის შედეგად, მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და ექიმი დანიშნულებას ელექტრონული ფორმით გასცემს. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, 11 აპრილიდან დაინერგა გენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ექიმი დანიშნულებაში წამლის მხოლოდ გენერიკულ, ანუ საერთაშორისო დასახელებას უთითებს. აფთიაქში მისულ მომხმარებელს კი, ფარმაცევტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“, სამ ყველაზე იაფ მედიკამენტს სთავაზობს. ცვლილების შედეგად, მოქალაქე თავად წყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. ფარმაცევტული რეფორმა მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირებას და მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს