აშშ-ს პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს უფრო ფართო უფლებამოსილებას, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის შეჭრისგან.
როგორც CNN-ი წერს, უკრაინის დემოკრატიის თავდაცვის ე.წ. ლენდ ლიზის აქტი, რომელიც მიიღო კონგრესმა ფართო ორპარტიული უმრავლესობით - საშუალებას აძლევს პრეზიდენტს დადოს სესხის იჯარის ხელშეკრულებები უკრაინასთან, რათა მათ თავდაცვის ინსტრუმენტები მიაწოდოს .
კანონპროექტს ხმა 417-მა მისცა, 10 წინააღმდეგ წავიდა.
კანონპროექტი სენატმა უკვე მიიღო აპრილის დასაწყისში და ახლა პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაეცემა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად და ჩქარა გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის მარაგი უკრაინას.
„უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის“ აქტი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.