ლია გიგაურმა სემინარის “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” მონაწილეებს სიტყვით მიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა სემინარის “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ლია გიგაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების აუცილებლობას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, ასევე კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნის მნიშვნელობას, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული სიკეთეებისა და სერვისების გაზიარების თვალსაზრისით.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა. მან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობისა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე, საშუალება ჰქონდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორ თორნიკე ფარულავასგან მიეღოთ ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და თანამშრომლობის მექანიზმებზე. "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ მონაწილეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და პერსპექტივები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებს.

კურსის დასასრულს, ახალგაზრდებმა მოწვეული ექსპერტ "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელთან დავით ძიძიშვილთან ერთად განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითადი მიზნები და ამოცანები, ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები, კერძოდ, ნატო-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის გზავნილები.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, თბილისში, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უკვე გაიმართა ორი სემინარი. 2021-2022 წლებში ერთდღიანი სემინარების ციკლის ფარგლებში,დაახლოებით 100 სტუდენტის მონაწილეობით, ჯამში 5 შეხვედრა გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა