დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის გარემოსდაცვით ბორდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ესტონეთში, ლაჰემას ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის გარემოსდაცვით ბორდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს, რაც დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

„მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა, ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარკუ ლამპმა და გარემოსდაცვითი ბორდის გენერალურმა დირექტორმა, რაინერ ვაკრამ მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთში, ლაჰემას ეროვნულ პარკში საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოგამოფენა გაიხსნა, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს უნიკალური ბუნების პოპულარიზაცია მოხდეს.

ლაჰემას ეროვნული პარკი ესტონეთში პირველი ეროვნული პარკია, ვიზიტორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის გარემოსდაცვითი ბორდის (დაცული ტერიტორიების მმართველი ორგანო ესტონეთში) თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა