შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა, 1 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო ერთს - პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა

სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს, 1 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს - პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ვ.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, 1965 წელს დაბადებული კ.თ. კი „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დააკავეს.

1967 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად "ყურშა") „კანონიერი ქურდობისთვის“ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რაც შეეხება 1985 წელს დაბადებულ ო.ს.-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ კ.თ.-ს და მის ნაცნობს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა ქონებრივი დავა. აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთნენ კრიმინალური ავტორიტეტები - ო.ს. და ვ.გ., რომლებიც დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - მ.მ.-ს (მეტსახელად „ყურშა") და ზ.მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩი“).

„კანონიერმა ქურდებმა“ თურქეთის რესპუბლიკაში მოდავე მხარეებთან ერთად მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი - მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც მოგვიანებით გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს