ნიკოლოზ ვაშაკიძე - უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება  არარელევანტური გახდება

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე საერთაშორისო არენაზე, უკრაინის ომის კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების იმიჯის და ხელისუფლების შესაძლო შეცვლის შესახებ საუბრობს.

-როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს საქართველოს ხელისუფლების და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობაზე ის ორაზროვანი პოლიტიკა, რაც აქვს უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას?

- დროში ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, ახლო მომავალში მოხდება - უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ მოსალოდნელია დიდი ცვლილებები რუსეთში და მთელი ევრაზიული კონტინენტის ახალი გეოპოლიტიკური გადალაგება. ახალ სიტუაციაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უკვე ძალიან არარელევანტური გახდება, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.

ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ ქვეყნის რეალური მმართველი დაკარგავს თავის საყრდენებს მოსკოვში და ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ორაზროვანი საქციელის გამო მაინც მოახერხა უკრაინის ომის კონტექსტში წამგებიანი იმიჯის „აკვრა“.

ყურადღებას იქცევს ისიც, რომ საერთაშორისო არენაზე იგრძნობა მცდელობა, ეს იმიჯი ამ ხელისუფლებას გაუმყარდეს, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის უფლებას, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობის მოსაზრება საერთაშორისო ასპარეზზე მწიფდება.

- ასეთ შემთხვევაში ვის შეიძლება მოიაზრებდეს ხელისუფლების ალტერნატივად დასავლეთი?

ქვეყნის მთავარი პრობლემა ამ ვითარებაში ისაა, რომ არსებული ხელისუფლების ჩამნაცვლებელი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ვერ ჩამოყალიბდა. უნდა ვიყოთ რეალისტები - ამ ალტერნატივის სახით ჭრელი და ყველასათვის მობეზრებული არსებული პარტიებისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია ვერ გამოდგება. მას გაუჭირდება როგორც არჩევნებში გამარჯვება, ასევე ამ ნაკლებად სავარაუდო გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ნორმალურად მართვა. აუცილებელია გაჩნდეს ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელი, ძლიერი და საზოგადოებისთვის საინტერესო და მიმზიდველი პოლიტიკური მოძრაობა.

ასეთი მოძრაობა შეძლებს არსებული პოლიტსპექტრის გარკვეული ნაწილის ინტეგრირებასაც. სწორედ ეს არის დამდეგი, ახალი პოლიტიკური პერიოდის მთავარი ამოცანა და დროის მოთხოვნა. ეს ამოცანა დგას ქართული საზოგადოების წინაშე და ის, თუ რამდენად შეძლებს საზოგადოება ამ ამოცანისთვის თავის გართმევას, განაპირობებს საკმაოდ ხანგრძლივი დროით ქვეყნის მომავალს - წავალთ სტაგნაციის თუ წარმატებული განვითარების გზით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა