იმედა დარსალია - „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან იმ პრობლემებზე საჯარო საუბრის გამო გაგვიშვა, რომელთა მოგვარებაც, დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენმა გუნდმა არხის შიგნით ვერ მოახერხა, რადგან გადაცემა დახურეს

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან იმ პრობლემებზე საჯარო საუბრის გამო გაგვიშვა, რომელთა მოგვარებაც სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენმა გუნდმა არხის შიგნით ვერ მოახერხა, რადგან გადაცემა დახურეს, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა, იმედა დარსალიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არხის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არსებული პრობლემის მოგვარება არა ცენზურის მცდელობაში მხილებული ადამიანების გათავისუფლებით, არამედ ჟურნალისტების: იმედა დარსალიას, თამთა ჯანაძის და სოფო ზედელაშვილის „თავიდან მოშორებით“ გადაწყვიტეს.

დარსალიას განცხადებით, არხიდან სამი ჟურნალისტის გათავისუფლება სამაგალითო სასჯელია ყველა იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიგნით არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს გაბედავს.

„დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კვირის ანალიტიკური გადაცემის ბოლო ფინალურ ეპიზოდს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ოფისიდან წარმოგიდგენთ, რადგან უკვე იცით, რომ სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის, ცენზურის მცდელობებისა და შავი სიების შესახებ ჩვენი საჯარო განცხადებების შემდეგ, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან გაგვათავისუფლა „ახალი კვირის“ წამყვანი მე, იმედია დარსალია და ჟურნალისტები: თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი.

პარასკევს საღამოს, სამივემ ელექტრონულ ფოსტაზე მივიღეთ სრულიად იდენტური შეტყობინება, რომ პირველი მაისიდან აღარ ვართ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლები. ჩვენი გადაცემის იმ თანამშრომლებს, ვინც არხზე რჩება, 4 - თვიანი რეორგანიზაციის შემდეგ უთხრეს, რომ „ახალი კვირა“ ეთერში აღარ დაბრუნდება. ანუ, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საბოლოოდ გააკეთა ის, რის გამოც 28 დეკემბერს, გადაცემა რეორგანიზაციის მიზეზით გააჩერა და მე ეთერიდან მომხსნა. დადასტურდა მიზეზი, გადაცემა კრიტიკული კურსის გამო დახურეს.

გათავისუფლების შესახებ ხელს აწერს არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი იმის მიუხედავად, რომ ჩვენს საჯარო განცხადებებამდე, ის საქმის კურსში იყო ცენზურის მცდელობის, შავი სიების და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის ფაქტებზე. გათავისუფლების მიზეზი წერია: საჯარო სივრცეში ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებები გაკეთება. ანუ, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან გაგვიშვა იმ პრობლემებზე საჯარო საუბრის გამო, რომელთა მოგვარებაც სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენმა გუნდმა არხის შიგნით ვერ მოახერხა, რადგან გადაცემა დახურეს.

ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ საზოგადოების ჩართულობით გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც არხს აქვს. საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ იცოდეს სიმართლე, რა ხდება მისი გადასახადებით დაფინანსებული ტელევიზიის კედლებს მიღმა. სამწუხაროდ, ჩვენი გათავისუფლება არის სამაგალითო სასჯელი ყველა იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც გაბედავს, საჯაროდ ისაუბროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიგნით არსებულ პრობლემებზე და გააკრიტიკოს ამ ორგანიზაციის მმართველი პირები. ეს არის მესიჯი ყველაზე თანამშრომლისთვის, რომ გაჩუმდნენ, თორემ სამსახურს დაკარგავენ.

სამწუხაროდ, არხის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებით პრობლემის მოგვარება არა ცენზურის მცდელობაში მხილებული ადამიანების გათავისუფლებით, არამედ ჩვენი თავიდან მოშორებით გადაწყვიტეს, ადამიანების, ვინც პრობლემებზე ხმამაღლა ვსაუბრობთ.

გეტყვით უფრო მეტს - „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ჩვენი პირველი განცხადებიდან, მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ გადაწყვიტა, შიდა მოკვლევა და გადაცემის ჟურნალისტების გამოკითხვა დაეწყო, ისე რომ მხილებული თანამდებობის პირები დროებით მოკვლევის დასრულებამდეც კი არ ჩამოშორებიან დაკავებული პოზიციებიდან,“ -განაცხადა იმედა დარსალიამ.

როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, თამთა ჯანაძემ განაცხადა, პროფესიული ღირსებისთვის შეურაცხმყოფელი, ბინძური და უსაფუძვლო ჭორების გავრცელება მიმდინარეობს, თითქოს ისინი რაღაც პოლიტიკური გავლენებიდან გამომდინარე მოქმედებენ. მისი თქმით, ეს სრული აბსურდია.

„ერთადერთი რისი დადგენა და დამტკიცებაც გვინდა, ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ სასამართლოში, ნაბიჯ-ნაბიჯ სამართლებრივი გზებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას“, - განაცხადა თამთა ჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა