კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრიზის მნიშვნელობას.

„ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-10 წლისთავი ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე იმართება. არაპროვოცირებული და გაუმართლებელია ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს სადღესასწაულო განწყობა არ გვაქვს, გვსურს, ღირსეულად დავაფასოთ პროფესიონალი, პატიოსანი და თამამი მედია. წელს ჩვენ, 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ იმ პირობებში, როდესაც უკრაინელი ჟურნალისტები საკუთარ სიცოცხლეს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების შესახებ სიმართლის გასავრცელებლად სწირავენ და როდესაც რუსეთმა კიდევ უფრო შეზღუდა პრესის თავისუფლება და საკუთარ მოსახლეობას დეზინფორმაციითა და პროპაგანდით კვებავს. ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ, არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან. ამ მიზნით მე დღეს სიამაყით მინდა გამოვაცხადო რიგით მე-11 კონკურსი ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. როგორც ყოველთვის, ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკურსი ემსახურება, როგორც გამოცდილი ჟურნალისტების აღიარებას და შთაგონებას, ასევე ახალბედების მოზიდვას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიაში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსული აგრესიის ფონზე და ეს არის ტრაგიკული შეხსენება, რომ მშვიდობა ევროპაში არ შეიძლება ჩაითვალოს მოცემულობად.

„კონფლიქტის სენსიტიური გაშუქებით ჟურნალისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის მოგავრებაში. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ყოველწლიური პრიზით, ჩვენ გამოვყოფთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარი ნამუშევრებით ხელს უწყობენ მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში“, - განაცხადა მარეკ შჩიგელმა.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან: საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
გამარჯვებული: თამარ ბაბუაძე (ინდიგო) ფინალისტები: ნინო ლომაძე, მარადია ცაავა. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული: ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება)
ფინალისტები: ანა მასხარაშვილი, გვანცა ნადიბაიძე. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: გამარჯვებული: ზურაბ მოდებაძე (თავისუფლების მონიტორი) ფინალისტები: ცქრიალა შერმადინი, ნინო რამიშვილი. საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული: ხატია ღოღობერიძე (on.ge). ფინალისტები: თეა თოფურია, ქამრან მამედლი. საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: გამარჯვებული: თინათინ ნაჭყებია (ინდიგო). ფინალისტები: ნატა ტაბიძე, ქეთევან თუთბერიძე. საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს: გამარჯვებული: გიორგი შენგელია (ინდიგო). ფინალისტები: საბა გორგოძე, სოფიო მდივნიშვილი. კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): გამარჯვებული: ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com) ფინალისტები: ოქტიაბრინა წიქორიძე, სულიკო წიწიკაშვილი, მარიამ ჯაჭვაძე.

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს