2021 წელს ქვეყანაში 1 453 707 ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.2%-ით მეტია

2021 წელს, ქვეყანაში, საერთო ჯამში, იმპორტირებულია 1 453 707 ლიტრი ბენზინი და დიზელი, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.2%-ით მეტია, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი თურქმენეთიდან განხორციელდა - 22.1%, რომელსაც მოყვება რუსეთის ფედერაცია - 19.2% და რუმინეთი -18.2%.

“საერთო იმპორტის 45.7% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 54.3% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა - 64%, ხოლო საერთო იმპორტში - 34.9% 2015 წლის დასაწყისში, შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2018 წელს - 1190, 2019 წელს - 1210, 2020 წელს 1216, 2021 წელს კი, 1232. ავტოგასამართი სადგურების რაოდენობრივი ზრდა, ძირითადად, განპირობებულია ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების შესვლით და, ზოგადად, მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურებით, რაც თავის მხრივ აისახა შესაბამისი ბაზრის საცალო სარეალიზაციო დონის საერთო წილობრივ განაწილებაზე. შედარებისთვის, ხსენებული სეგმენტის საერთო წილი 2018 წლის მონაცემებით შეადგენდა 39.6%-ს, 2019 წელს - 39.9 %, 2020 წელს 43.5%, ხოლო 2021 წელს 41.2%-ს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 2021 წელს ბაზრის საცალო დონეზე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიის შემადგენლობა შეიცვალა, რაც კონკურენტული გარემოს შეფასების კუთხით დადებით ფაქტორს წარმოადგენს”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ბაზრის საცალო დონეზე, ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ აგენტი შპს „რომპეტროლ საქართველოა“.

„3 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი შეადგენს 45%-ს, შესაბამისად, არ კმაყოფილდება ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის პირობა საბაზრო წილებთან დაკავშირებით. საცალო სარეალიზაციო ფასზე მოქმედი ფაქტორების ანალიზის პროცესში, მნიშვნელოვანია პლატსის ფასის ცვლილება, ფაქტობრივად იმპორტირებული საავტომობილო საწვავის ღირებულება და ლარის გაცვლითი კურსი. 2021 ივნისის თვიდან, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით მეტ-ნაკლებად სტაბილურ ნიშნულს ინარჩუნებდა, თუმცა აღნიშნული არ იყო საკმარისი პლატსის გაზრდილი ფასის სრულად დასაკომპენსირებლად.

2013 წლიდან, ბენზინისა და დიზელის როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის ნაწილში, გაზრდილია მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია; ბაზრის იმპორტის დონეზე სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით; საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი, 2021 წლის მონაცემებით, შეადგენს 58.8%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 41.2%-ის ფარგლებშია. 2015 წლის დასაწყისში, საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს - 1210, 2020 წელს - 1216, ხოლო 2021 წელს კი 1232; 2021 წელს ფიქსირდება ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი 5 კომპანიის შემადგენლობის ცვლილება. „ხუთეულში“ ახალი კომპანიის შესვლა, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების კუთხით, დადებით გარემოებას წარმოადგენს; 2021 წელი გამოირჩეოდა პლატსის ფასის ზრდის დინამიკით. წლის მეორე ნახევრიდან შეინიშნება ლარის გაცვლითი კურსის გამყარება/სტაბილურობა, თუმცა აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაზრდილი ფასის სრულად დასაკომპენსირებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს და დარგობრივ ასოციაციებს, თავი შეიკავონ საწვავის სამომავლო ფასებთან დაკავშირებული განცხადებებისგან, განურჩევლად იმისა, ემყარება თუ არა ეს განცხადებები საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს.

„ბოლო პერიოდში, დარგობრივი ასოციაციების და ბაზარზე მოქმედი რიგი ეკონომიკური აგენტების მხრიდან, გახშირდა განცხადებები საწვავის სამომავლო ფასების მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. განცხადებები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ეკონომიკური აგენტების სამომავლო ქცევასთან დაკავშირებით, ბაზარს სძენს დამატებით გამჭვირვალობას და შესაძლებელია კონკრეტული კომპანიისთვის/ კომპანიებისთვის წარმოადგენდეს კონკურენტის/კონკურენტების ქცევის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც ამგვარი განცხადებებით ხდება საჯარო, წარმოადგენს ბაზრის დამატებით გამჭვირვალობას და შესაძლოა მოიცავდეს სენსიტიურ მონაცემებს და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რისკი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა