საქართველოს ველური ვაზის შესახებ წიგნი Wild grapevine in Georgia გამოიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისურენოვანი წიგნი, რომელიც პროექტის „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში გამოიცა, ველური ვაზის 41 ფორმის ამპელოგრაფიულ აღწერას და მისგან დაყენებული ღვინის ენო-კარპოლოგიურ მონაცემებს, დომესტიკაციას, მცენარის ეკოლოგიას, განხორციელებული სამუშაოების შედეგებს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და სხვადასხვა ქართველი და უცხოელი მკვლევარის სტატიებს მოიცავს.

სამინისტროს ცნობით, წიგნის „Wild grapevine in Georgia“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზში გაიმართა.

„გენეტიკური რესურსები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა და მათ დასაცავად განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. უმნიშვნელოვანესი ადგილი მცენარეთა გენოფონდში ხორბალს და ვაზს უკავია, რომლებიც, ამავდროულად, ეროვნული ღირებულებების მატარებელი კულტურებია. საქართველოს კულტურული მევენახეობა-მეღვინეობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. კულტურული ვაზის წარმოშობა სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე, ველური ვაზის ფორმების მოშინაურების გზით განხორციელდა, რისი შედეგიც, ხალხური სელექციით, საქართველოს ეთნოგრაფიულ კუთხეებში ჩამოყალიბებული 525 კულტურული ვაზის ჯიშია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში განახორციელებული 3 წლიანი პროექტის „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ მიზანი ველური ვაზის ფორმების შესწავლა, გავრცელების თანამედროვე გეოგრაფიის დადგენა და დაცვა იყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ექსპედიციებით, მოძიებულია და ჯიღაურას მრავალწლოვანი კლუტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე დაცულია ველური ვაზის 78 ფორმა.

„საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა, 2017 წლიდან, სხვა მასშტაბსა და ცნობადობაზე გავიდა, ამიტომაც უდიდესია ჩვენ მიმართ ინტერესი. აუცილებელი გახდა საქართველოს ველურ ვაზზე არსებული მასალების, კვლევებისა და სტატიების ერთ წიგნად თავმოყრა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის“, - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ.

ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ველური ვაზის გენეტიკური კვლევა, მისი ადგილის განსაზღვრა მსოფლიო მევენახეობის სფეროში და ვაზის კულტურულ ჯიშებთან სიახლოვის დადგენა. გარდა ამისა, ქართულ და ინგლისურენოვანი სტატიები და წიგნები გამოიცა.

სამინისტროს ცნობით, ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპური მცენარეა და წარსულში მთელ ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული - 1982 წელს, ველური ვაზი „საქართველოს წითელ წიგნში” იქნა შეტანილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს